Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის თქმით, იწყება ჰორმუზის სრუტის ბლოკადა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 11 აპრილი, 2026.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 11 აპრილი, 2026.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყების შესახებ. ტრამპის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები „დაიწყებენ ყველა გემის ბლოკირებას“, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან იქიდან გამოსვლას.

აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დააზუსტა, რომ ბლოკადა მალე დაიწყება და მას სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან.

ტრამპმა ასევე დაავალა სამხედრო-საზღვაო ძალებს, გამოავლინონ და დააკავონ საერთაშორისო წყლებში გემები, რომლებმაც ირანს გადასახადი გადაუხადეს სრუტეში გავლისთვის.

„არავინ, ვინც უკანონო გადასახადს იხდის, არ მიიღებს ღია ზღვაში უსაფრთხო გავლის უფლებას,“ აღნიშნა მან.

მედიის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ირანმა ზოგიერთ გემს სრუტეში გავლისთვის მილიონ დოლარამდე გადასახადი აიღო. ამ პირობებს, როგორც იტყობინებიან, დათანხმდა 250 გემი, რომლებიც ძირითადად ირანთან და ჩრდილოვან ფლოტთან არიან დაკავშირებული.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ აშშ დაიწყებს ჰორმუზის სრუტის გაწმენდას ნაღმებისგან და მკაცრად უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას.

„ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენ ან სამოქალაქო გემებს ესვრის, პირდაპირ ჯოჯოხეთში გაიგზავნება!“ - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

11-12 აპრილს პაკისტანში ირანთან გამართული მოლაპარაკებების კომენტირებისას მან თქვა, რომ მხარეებმა ბირთვულ პრობლემაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

აშშ და ირანი ადრე შეთანხმდნენ ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომლის ერთ-ერთი პირობა იყო ჰორმუზის სრუტის გახსნა. ამ სრუტეში მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით 20% გადის. საზღვაო მიმოსვლა დროებით აღდგა, მაგრამ თეირანმა კვლავ დახურა სრუტე ლიბანზე ისრაელის დარტყმების შემდეგ.

ლიბანში ისრაელი აგრძელებს ოპერაციას პროირანული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, ისრაელსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული. ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ ლიბანი არ იყო ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი. თეირანი კატეგორიულად არ ეთანხმება ამას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG