15 აპრილს გამთენიისას ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, ქალაქ ზაპოროჟიეზე დარტყმა იყო დაახლოებით 05:00 საათისთვის.
ფედოროვის ცნობით, დაიღუპა 74 წლის ქალი, დაზიანებულია სახლები, საწარმო და განადგურებულია ავტობუსის გაჩერებასთან მდებარე ჯიხური, სადაც დაღუპული ქალი მუშაობდა.
ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. დაზიანებულია ათამდე სახლი.
დნეპროპეტროვკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ცნობით, დარტყმა იყო რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ დნიპროს ცენტრალურ ნაწილზე. დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანებულია 9-სართულიანი სახლი, ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობაში.
- რუსეთის ჯარებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს 14 აპრილსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით დაიღუპა 5 და დაიჭრა 20-ზე მეტი ადამიანი. 15 აპრილს დნიპროში გლოვაა გამოცხადებული.
- 14 აპრილს დრონებით შეტევის შედეგად ჩერკასის ოლქში 8 წლის ბიჭი დაიღუპა. დაშავდა 12 ადამიანი.
14 აპრილს, საღამოს ნორვეგიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამით მოსალოდნელია რუსული რაკეტებითა და დრონებით მორიგი მასირებული შეტევა.
განახლება: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ 15 აპრილს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია ქალაქ სუმის სამრეწველო ზონაში, სადაც ხანძრის ქრობის დროს ისევ დრონებით დარტყმა იყო, ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ კი რუსეთის ჯარებმა ამ რაიონს დრონებით ისევ შეუტიეს და ხანძრის ახალი კერები გააჩინეს. საგანგებო სამსახურის ცნობითვე, ეს ხანძარიც ლიკვიდირებულია.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ტელეგრამ-არხზე 15 აპრილის დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსული დრონებით მორიგი შეტევა იყო საპორტო ინფრასტრუქტურაზე, დაზიანებულია საწყობები და ადმინისტრაციული შენობები. კიპერს კონკრეტული პორტი არ დაუსახელებია. მის ტელეგრამ-არხზე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებული ცნობით, განგაში იყო გამოცხადებული იზმაილის რაიონში. მდინარე დუნაიზე მდებარე იზმაილის პორტი ბოლო დღეებში არაერთხელ იყო რუსეთის ჯარების სამიზნე.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ 15 აპრილს დილით განაცხადა, რომ 14 აპრილის საღამოს ექვსი საათიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს სამი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 324 დრონით. ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათისთვის დადასტურებული იყო 309 დრონის მოგერიება და რაკეტებით და 13 დრონით პირდაპირი დარტყმა 9 ადგილზე.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთმაც. 15 აპრილის დილის მდგომარეობით ადგილობრივ ხელისუფლებას და დამოუკიდებელ გამოცემებს არ გაუვრცელებიათ ცნობები რაიმე სერიოზული შედეგების შესახებ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, 14 აპრილის საღამოს რვა საათიდან 15 აპრილის დილის შვიდ საათამდე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 85 უკრაინული დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ფორუმი