"ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ვიმედოვნებთ, რომ დადგენილ ვადებში შესაძლებელი იქნება ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რომლებიც თავიდან აგვაცილებს შეიარაღებული შეტაკებების განახლებას", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
ისრაელი და ლიბანი შეთანხმდნენ 16 აპრილიდან შეეწყვიტათ ცეცხლი 10 დღით. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონის შუამავლობით ამ კვირაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.
ეს ზომა მიზნად ისახავს იმ კონფლიქტის შეჩერებას, რომელიც მიმდინარეობს ისრაელსა და ირანთან დაკავშირებულ ლიბანურ ჯგუფ ჰეზბოლას შორის.
ჰეზბოლა მოიცავს გასამხედროებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიას და ის სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჯგუფს ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს შეერთებული შტატები, თუმცა ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული ნაწილი ჰყავს შავ სიაში შეყვანილი.
ამასობაში, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოთქვა რწმენა, რომ შეთანხმებას მალე მიაღწევენ ირანის ომის დასასრულებლად.
ფორუმი