უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ განკარგულება გასცა, დაიწყოს გამოძიება პოლიციელების ქმედებებთან დაკავშირებით კიევში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს, რომლის დროსაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. მანამდე სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გარბიან პატრულის თანამშრომლები სროლის გაგონების შემდეგ.
„მხოლოდ ლოზუნგი არ არის: „ემსახურე და დაიცავი“. მას უნდა ადასტურებდეს შესაბამისი პროფესიული ქმედებები. განსაკუთრებით კრიტიკულ მომენტებში, როდესაც ადამიანების სიცოცხლეა ამაზე დამოკიდებული“, - წერს კლიმენკო.
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ივან ვიხოვსკიმ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება და პოლიციელები სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„უნდა დავადგინოთ ინციდენტის ყველა გარემოება უგამონაკლისოდ: ვსწავლობთ არსებულ ვიდეოჩანაწერებს, მათ შორის, ონლაინ გავრცელებულს და ხდება მოწმეების დაკითხვა,“ - დასძინა მან.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ გადადგა უკრაინის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ევჰენ ჟუკოვი.
ამჟამად, სროლის შედეგად დაშავებული რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, საავადმყოფოში რჩება.
„ზრდასრულებს შორის ერთი კრიტიკულ, სამი მძიმე და სამი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია“, - იტყობინება კიევის მერმი ვიტალი კლიჩკო.
შაბათს საღამოს კიევის გოლოსეევოს რაიონში მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, ხელში ჩაიგდო სუპერმარკეტი და მძევლები აიყვანა. მას არანაირი მოთხოვნა არ წაუყენებია. პარალელურად, ხანძარი გაჩნდა ბინაში, სადაც თავდამსხმელი იყო რეგისტრირებული. ის სუპერმარკეტში შტურმის დროს მოკლეს.
ინციდენტს ტერორისტულ თავდასხმად იძიებენ. მსროლელის ვინაობა დადგენილია. ის 1968 წელს დაბადებული მამაკაცია. მან თავდასხმის დროს კანონიერად რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.
ფორუმი