სალომე ასათიანის პოდკასტი
„ყველა ძალაუფლება ხალხისგან მოდის. მაგრამ მერე სად მიდის?“
ეს ბერტოლტ ბრეხტია - მისთვის ემბლემური სიტყვიერი მინიატიურით, სინტაქსით გადმოცემული გაუცხოების ეფექტით. საყოველთაოდ ცნობილ და უკვე გაცვეთილ ფრაზას - „ძალაუფლება ხალხისგან მოდის“ - მოსდევს „მაგრამ“. კი, ხალხისგან მოდის - მაგრამ მერე საით?
ბრეხტის ეს ციტატა ეპიგრაფად ერთვის წიგნს, რომლის შესახებაც ამ ეპიზოდში გიყვებით. „რას წარმოადგენს პოპულიზმი?“ - ასე ჰქვია ამ წიგნს, და ის გერმანელ ფილოსოფოსს, პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორს, იან-ვერნერ მიულერს ეკუთვნის.
12 აპრილს უნგრეთის არჩევნებში ვიქტორ ორბანის დამარცხებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - მედია გადაივსო მოსაზრებებით, რომ ორბანის პოლიტიკური მარცხი მხოლოდ უნგრეთის ამბავი არ არის. სიტყვა „პოპულიზმს“ ამ დღეებში ჟურნალისტებიც და ანალიტიკოსებიც განსაკუთრებული სიხშირით ახსენებდნენ. “უნგრეთში ორბანის მარცხი აჩვენებს, როგორ შეიძლება პოპულიზმი ჩიხში შევიდეს” - აცხადებდა სიენენი. “ორბანის მარცხმა პოპულიზმის აქილევსის ქუსლი გამოაჩინა” - წერდნენ ვაშინგტონ პოსტი და სააგენტო ბლუმბერგი.
რატომ იყო ვიქტორ ორბანი უწინარესად პოპულისტი - და არა უბრალოდ ავტორიტარი, ან ნაციონალისტი - ესაა ერთ-ერთი ამბავი, რომლის გარკვევასაც ამ ეპიზოდში შევეცდებით. მით უფრო, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე სანდო და ორიგინალურ ანალიტიკოსს, ივან კრასტევს თუ დავუჯერებთ, დღეს ჩვენ „პოპულიზმის ეპოქაში“ ვცხოვრობთ - მსოფლიოს გარშემო ვადევნებთ თვალს პოპულისტური ძალების აღზევებას.
პოპულისტებად მოიხსენიებენ მემარჯვენე ძალებსაც - დონალდ ტრამპს, მარინ ლე პენს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს, ნარენდრა მოდის; და მემარცხენეებსაც - ამერიკელ ბერნი სანდერსს, „სირიზას“ საბერძნეთში, „პოდემოსს“ ესპანეთში, ლათინური ამერიკის ქვეყნების პოლიტიკურ მოძრაობებს. ამ იარლიყს ემანუელ მაკრონიც კი ვერ ასცდა, 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ - მას „ექსტრემისტული ცენტრიზმის პოპულისტი“ უწოდეს - რასაც უნდა ნიშნავდეს ეს უცნაური განსაზღვრება.
არადა კითხვას, მაინც რაზე ვლაპარაკობთ, როცა პოპულიზმზე ვლაპარაკობთ, მკაფიო პასუხი არ აქვს. ანალიტიკოსები გვეტყვიან, რომ პოპულიზმი „ელიტებს“ ესხმის თავს და „ხალხის“ სახელით გამოდის, და იქვე აუცილებლად განასხვავებენ „მემარცხენე“ და „მემარჯვენე“ პოპულიზმს - რომ მემარცხენე პოპულიზმი „ხალხს“ კლასობრივი ნიშნით წარმოიდგენს, მემარჯვენე პოპულიზმი კი უწინარესად ეთნიკური ნაციონალიზმის ნიშნით. ტერმინს „პოპულიზმი“ იყენებენ „დემაგოგიის“ სინონიმად, წარმოაჩენენ პოლიტიკის სტილად - მგზნებარე, ემოციურ, ანტისისტემურ მიმართებად, რომელიც „ხალხს“ აქებს და „ელიტებს“ აძაგებს. პოპულისტი ნიშნავს პოლიტიკოსს, რომელიც ხალხის გულის მოსაგებ განცხადებებს აკეთებს, ხალხში დაგროვილ სიბრაზეს გამოიხმობს, ელიტების და ძლიერების მხრიდან ხალხის ინტერესების უგულებელყოფაზე ლაპარაკობს.
მაგრამ აბა რომელი პოლიტიკოსი არ ცდილობს ხალხის გულის მოგებას საკუთარი პოპულარობისთვის? რატომ აქვს პოპულიზმს ცუდი რეპუტაცია, თუკი ის რიგით მოქალაქეებს მიემართება, კორუმპირებულ ელიტებს აკრიტიკებს და „ხალხის ძალაუფლების“ იდეალის ხორცშესხმას ესწრაფვის - როცა ისიც ვიცით, რომ ძალაუფლების ღერძების კრიტიკა დემოკრატიის ფუნდამენტია, უმნიშვნელოვანესი სამოქალაქო ღირებულება და მოვალეობაა?
წიგნი, რომელზეც ამ ეპიზოდში გიყვებით, სწორედ აქ ხდება მნიშვნელოვანი. ეს თხელი და ელეგანტური წიგნი სამი ნაწილისგან შედგება - რას ამბობენ პოპულისტები, რას აკეთებენ პოპულისტები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, და როგორ უნდა გავუმკლავდეთ პოპულისტებს. და ავტორი აქ „პოპულიზმს“ - მის დღევანდელ, თანამედროვე ფორმას - ერთი ძალიან კონკრეტული და მკაფიო მახასიათებლით განსაზღვრავს.
ამ წიგნის თანახმად, მთავარი, რაც ამა თუ იმ ძალას პოპულისტურს ხდის, არის არა ელიტების კრიტიკა, ან ხალხის დაცვა - არამედ განაცხადი, რომ ერთიან, კეთილშობილ და ნამდვილ „ხალხს“ ის, და მხოლოდ ის წარმოადგენს; ხოლო ყველა დანარჩენი „ნამდვილი ხალხი“ არ არის - ამორალურია, მტერია, უცხოეთის აგენტია, უსამშობლოა, გარყვნილია, მოღალატეა.
განაცხადი, რომლითაც პოპულიზმი გამოდის, მორალისტური და სიმბოლურია - და არა ფაქტებზე ან რეალობაზე დაფუძნებული, წერს მიულერი. იმიტომ, რომ პოპულისტურ წარმოსახვაში გამოგონილი, ავთენტური და ჰომოგენური „ხალხი“ რეალურად არასოდეს არსებობს, ხალხი ყოველთვის ბევრია და განსხვავებული. პოპულიზმი ამ პლურალიზმს უარყოფს - შესაბამისად, უარყოფს დემოკრატიასაც. და მემარჯვენე პოპულისტური წარმოსახვა სახიფათოა - რადგან ორგანულად ერთიანი ერის ფანტაზმებით ფაშისტური იდეოლოგია საზრდოობს.
„ხალხი ჩვენ ვართ. ვინ ხართ თქვენ?“ – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, წლების წინ თავის კრიტიკოსებს. დიდ ბრიტანეთში „ბრექსიტის“ რეფერენდუმის შედეგი შეფასდა „ნამდვილი ხალხის“ გამარჯვებად - იმის მიუხედავად, რომ ამომრჩევლის 48 პროცენტმა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი. დონალდ ტრამპმა, პირველი საპრეზიდენტო კამპანიისას, ერთხელ თქვა - „ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, არის ხალხის გაერთიანება - რადგან სხვა ხალხს მნიშვნელობა არ აქვს“. ორბანი თავის თავს წარმოაჩენდა „უნგრელი ხალხის“ ერთადერთ დამცველად ენჯიოებისგან, ჯორჯ სოროსისგან, ბრიუსელისგან, ლიბერალებისგან.
და ამ სენტიმენტს საქართველოშიც ვიცნობთ - შესაძლოა უფრო უსახური ფორმით, მაგრამ მაინც. აკაცუკები, უცხოეთის აგენტები, დიფ სტეიტი, ურწმუნო ლიბერალები - ყველა ეს იარლიყი მოქალაქეების დაყოფას ემსახურება და ხელისუფლების პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს „არანამდვილ“ ხალხად აცხადებს.
ეს თხელი და ელეგანტური წიგნი ეხება კიდევ ბევრ თემასა თუ საკითხს, რომლებსაც ეპიზოდშიც შევაჯამებთ მოკლედ. მათ შორის პოპულიზმის ფენომენის ისტორიას, თავისი „სახალხო პარტიით“ შეერთებულ შტატებში და „ნაროდნიკებით“ რუსეთში; პოპულიზმის მიმართებას წარმომადგენლობით დემოკრატიასთან; რითი გავს - და რითი განსხვავდება - დღეს მომძლავრებული მემარჯვენე პოპულიზმი ფაშისტურ იდეოლოგიას. და რატომაა, რომ პოპულისტური ლოგიკა თუ სენტიმენტი როგორც წესი კორუფციულ მმართველობას განაპირობებს, მას მერე, როცა პოპულისტური ძალა უკვე ხელისუფლებაში აღმოჩნდება.
ფორუმი