Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინული ოჯახი, რომელიც გმირობის სიმბოლოდ იქცა და გამოძიება, რომელიც ამ სიმბოლოს ანგრევს

ნადია ვიკარი ძმებს და დედას წლების წინ მომხდარ ძალადობაში ამხელს.
ნადია ვიკარი ძმებს და დედას წლების წინ მომხდარ ძალადობაში ამხელს.

„დედამ შვიდი ვაჟი ომში გაგზავნა“ - დაახლოებით ერთი წლის წინ უკრაინის მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის Youtube-გვერდზე გავრცელებული ვიდეო მალევე იქცა თავდადების, გმირი ოჯახისა და პატრიოტიზმის სიმბოლოდ.

ფრონტის წინა ხაზიდან შვილები დედის, ტატიანა სანიკოვას მოსანახულებლად დაბრუნდნენ დროებით, იცინიან, ხუმრობენ. ტატიანა ამაყად ჰყვება, რომ 11 შვილი გაზარდა - რვა ვაჟი და სამი ქალიშვილი. ეს ისტორია „გმირი ძმების” შესახებ მალევე მოექცა უკრაინული მედიის ყურადღების ცენტრში - ისინი არაერთი სტატიისა და რეპორტაჟის გმირებადაც იქცნენ.

არაფერი არს დაფარული

თუმცა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, „გმირი ძმების” ისტორია სულ სხვაგვარად დაინახა უკრაინამ, თავად ვიდეო კი ყველა პლატფორმიდან გაქრა. მიზეზი გახდა ერთ-ერთი დის, ნადია ვიკარის პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც შემზარავ ამბებს აღწერდა. ნადია წერდა, რომ ძმები მას და მის დას, დაშას, ბავშვობაში აუპატიურებდნენ.

„გვცემდნენ და გვაბამდნენ“; „გვეძინა იატაკზე გამათბობელთან“; „თავზე მელოტი ადგილები გვქონდა, დედა თმას გვაგლეჯდა“.

„იქნებ ხალხმა გააცნობიეროს, რამდენი ტკივილი მიაყენეს ამ ადამიანებმა სხვებს…“ „როგორ კარგად აღზარდა შვილები და როგორ უნდა იყოს ის მთელი ქვეყნისთვის მაგალითი - ქალი, რომლის წინაშეც თითქოს ყველა მუხლს იყრის, რადგან ასეთი ოჯახი შექმნა და ასეთ შვილებს ზრდიდა…ასე არ უნდა იყოს! ეს, მინიმუმ, უსამართლობაა დაშას ხსოვნის მიმართ…“

პოსტებში ნახსენები და - დაშა - ოჯახის მე-12 შვილი იყო. ნადია ირწმუნებოდა, რომ დაშა 22 წლის წინ ოჯახის წევრებმა მოკლეს და ფარულად დამარხეს. „გმირი ძმების“ ლეგენდის მიღმა არსებული ოჯახის ტრაგიკული და, სავარაუდოდ, ძალადობით სავსე ცხოვრების შესახებ დეტალების გარკვევა უკრაინულმა გამოცემა Babel-მა შეძლო. ჟურნალისტურმა გამოძიებამ ორ ათეულზე მეტი წლის წინანდელი ისტორია პრაქტიკულად თავიდან გააცოცხლა. გამოძიებისას ავტორმა, კატერინა ლიჰოგლიადმა, ათობით წყაროსთან იმუშავა.

„გვცემდნენ და გვაბამდნენ“; „გვეძინა იატაკზე გამათბობელთან“; „შიმშილი ალბათ ყველაზე საშინელი რამაა, რაც შეიძლება მოხდეს“; „თავზე მელოტი ადგილები გვქონდა, დედა თმას გვაგლეჯდა“, - ნადია ამ ყველაფერს ინტერვიუში ჰყვება. იხსენებს, რომ ხშირად სცემდნენ ძაღლის საბლით, ხალიჩის საბერტყით ან ცომის გასაბრტყელებლით; იხსენებს, როგორ ძალადობდნენ და აუპატიურებდნენ ძმები მას და მის დას - სანამ ის ცოცხალი იყო. Babel-თან ინტერვიუში ნადია დაშას გარდაცვალებასაც იხსენებს.

„დავიწყე მისი გაღვიძება. ძალიან კარგად მახსოვს, რომ მინდოდა მისი ხელი ამეწია, მაგრამ მიჭირდა. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა სვეტამ ის საწოლზე მიაბა ან რაღაც მსგავსი. ვცდილობდი გამეღვიძებინა, ვფარავდი ყველაფრით, რაც ხელში მქონდა, ვცდილობდი გამეთბო. გამუდმებით ვეუბნებოდი, რომ პური მქონდა - „ადექი, პური გვაქვს, ახლა შევჭამთ პურს-მეთქი“, მაგრამ არ იღვიძებდა. შემდეგ მისი გულისცემის მოსმენა ვცადე - თავი მკერდზე დავადე, ვცდილობდი მაინც რაიმე ხმა გამეგო, მაგრამ ვერაფერი გავიგონე. ძალიან კარგად მახსოვს ის მომენტი, როცა გავაცნობიერე, რომ ის აღარასდროს გაიღვიძებდა.“ ნადიას თქმით, დაშას და მას რამდენიმე დღის განმავლობაში სცემდნენ და ემუქრებოდნენ, რომ წყალსაც აღარ დაალევინებდნენ. „ერთი-ორი დღე არ გვცემდნენ, მაგრამ აღარც გვაჭმევდნენ.“

მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ახლა უკვე წაშლილი ვიდეოს გარეკანი სახელწოდებით „დედამ შვიდი ვაჟი გაგზავნა ომში“
მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ახლა უკვე წაშლილი ვიდეოს გარეკანი სახელწოდებით „დედამ შვიდი ვაჟი გაგზავნა ომში“

დანაშაული და პასუხისმგებლობა: ჯარში სამსახური წარსულს არ შლის

რადიო თავისუფლების უკრაინულმა სამსახურმა თავი მოუყარა საზოგადოების რეაქციებს, რომლებიც ამ ისტორიას მოჰყვა და გააანალიზა ისინი.

სოციალურ ქსელებში მწვავე დისკუსიის ნაწილი შეეხო იმასაც, რომ გამოძიების სათაურში მესამე ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ხსენება ქმნიდა მცდარ ასოციაციას სამხედრო დანაყოფსა და იმ მოვლენებს შორის, რომლებიც ძმების სამხედრო სამსახურში გაწვევამდე ბევრად ადრე მოხდა და „შესაძლოა ომის პირობებში არმიის რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა".

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურემ, სააგენტო „ბორშის“ დამფუძნებელმა და რეკრუტერმა, სერგეი მარჩენკომ, ეს სარედაქციო გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მისი თქმით, მსგავსი ფორმულირება ქმნის გაუმართლებელ კავშირს სამხედრო დანაყოფსა და სავარაუდო დანაშაულებს შორის: „ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ სავარაუდო დამნაშავეები ჯარში მსახურობენ, სავალალო და აბსურდულია“.

ფორმა ინდულგენცია არ არის. სამსახური წარსულს არ შლის."

ამ პოზიციას მხარს უჭერდა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეების ყოფილი მრჩეველი და მოხალისე ბოჰდანა იაროვაც. „დანაშაული ყოველთვის კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობაა და არა რომელიმე დანაყოფის ან შეიარაღებული ძალების, როგორც ინსტიტუტის".

„ეს ამბავი არანაირად არ უთხრის ძირს არმიისადმი ნდობას, რადგან არმია საზოგადოების სარკეა“, - დაწერა საჰაერო დაზვერვის ოფიცერმა, მარია ბერლინსკამ. ამავდროულად, მან ხაზი გაუსვა, რომ არმია არ შეიძლება გამოიყენონ საკუთარი ბნელი საქმეების დასაფარად და აღნიშნა, რომ არ იცის, სიმართლეა თუ არა ნათქვამი.

„ჩვენი, როგორც საზოგადოების, სიმწიფის ნიშანი იქნება ის მომენტი, როცა ეს უკვე ნორმად აღარ ჩაითვლება - როცა შიში აღარ ექნებათ მსხვერპლებს, არამედ მათ, ვინც კლავს და აუპატიურებს“, - თქვა ბერლინსკამ.

უფლებადამცველი და „სამოქალაქო თავისუფლებათა ცენტრის“ კომუნიკაციების ოფიცერი, ანა ტრუშოვა, მიიჩნევს, რომ ომის დროს სამხედროების ჰეროიზაცია არ უნდა გახდეს წარსულში შესაძლო დანაშაულების მიჩქმალვის საფუძველი: „ფორმა ინდულგენცია არ არის. სამსახური წარსულს არ შლის“.

მისი აზრით, ეს ისტორია, სავარაუდოდ, ერთეული შემთხვევა არ არის და მიუთითებს ძალადობის სისტემურ პრობლემაზე, რომელიც წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება.

კომუნიკაციების სააგენტო Dzvinko-ს დამფუძნებელმა, იანა ალტუხოვამ, აღნიშნა, რომ სამხედრო ფორმა და შევრონი არ უნდა იქცეს წარსულში ჩადენილი დანაშაულების „მორალურ ინდულგენციად“.

„ეს ისტორია გვაჩვენებს, რომ ადამიანები ბევრად უფრო რთულები არიან, ვიდრე ჩვენი იარლიყები. რა თქმა უნდა, მარტივია ცხოვრება რეალობაში, სადაც მტრები მხოლოდ ცუდები არიან, „ჩვენები“ - კარგები, ხოლო სამხედროები ავტომატურად გმირებად აღიქმებიან. მაგრამ რეალობა (და ის ისტორია, რომელიც ნადიამ მოჰყვა) სხვას გვიჩვენებს: „ჩვენებიც“ სხვადასხვანაირები არიან“.

მწერალი და უფლებადამცველი ლარისა დენისენკო აღნიშნავს, რომ ამ ისტორიის საჯარო სივრცეში გავრცელების შემდეგ გაჩნდა ნარატივები „უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შეკვეთაზე“, რასაც ხშირად თან ახლავს დაზარალებულთა მიმართ ბრალდებები - მაგალითად, რატომ დუმდნენ ისინი აქამდე ან რატომ საუბრობენ მტკიცებულებების გარეშე.

„ამაზე ფიქრი მარტივია სწორედ იმიტომ, რომ სექსუალური ძალადობა ხშირად არ აღიქმება ძალაუფლების, დამორჩილებისა და წამების ფორმად“, - დაწერა მან.

უფლებადამცველი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებაში ხშირად ერთი და იგივე სქემა მუშაობს: მამაკაცის სტატუსი და მიღწევები მის სასარგებლოდ არგუმენტად გამოიყენება, მაშინ როცა ქალის სიტყვებს მნიშვნელობას უკარგავენ. მისი შეფასებით, ეს დაკავშირებულია სურვილის არქონასთან, მივიღოთ ის რეალობა, რომ ადამიანი შეიძლება ერთდროულად იყოს პროფესიულად წარმატებული და ამავე დროს მძიმე დანაშაულებსაც სჩადიოდეს.

ამ ისტორიას გამოეხმაურნენ ასევე უკრაინის რადას დეპუტატებიც. მათ შორის სოფია ფედინამ („ევროპული სოლიდარობა“) სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, ჩაატარონ სრული და ყოვლისმომცველი გამოძიება ყველა გარემოების გასარკვევად, მათ შორის - დედის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, მსგავსი ისტორიების უგულებელყოფა აჩენს დაუსჯელობის განცდას და ზრდის მათი განმეორების რისკებს.

უკრაინის რადას დეპუტატმა მარიანა ბეზუგლამ („ხალხის მსახური“), თავის მხრივ, განაცხადა, რომ მსგავსი ისტორიები არ შეიძლება ჩაითვალოს „უდროოდ“ თუნდაც ომის პირობებში, ხოლო სამხედრო სამსახური არ წარმოადგენს გამართლებას ან ინდულგენციას. მისი თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია გარემოცვის გულგრილობა და ხაზგასმით აღნიშნა, რა მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაგირება და პასუხისმგებლობის განცდა.

უკრაინული რადიოს ჟურნალისტი ირინა სლავინსკა ასევე საუბრობს სკოლისა და სხვა ინსტიტუტების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც, როგორც ჩანს, „არაფერი შეიმჩნიეს“. „ნუთუ ოჯახური ძალადობის მასშტაბი და სერიოზულობა ქალებისა და ბავშვების მიმართ ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გაცნობიერებული? სამწუხაროდ - არა“, - აღნიშნავს იგი.

ბევრი ასევე ხაზს უსვამს ჟურნალისტ კატერინა ლიჰოგლიადის მუშაობას, რომელმაც ეს ისტორია გააშუქა. „ჟურნალისტმა თავისი საქმე ბრწყინვალედ შეასრულა. ახლა უკვე ჯერი სამართალდამცავ სისტემასა და საზოგადოებაზეა“, - აღნიშნავს საჰაერო დაზვერვის სპეციალისტი და ადვოკატი ევგენია ზაკრევსკა.

კადრი სიუჟეტიდან, რომელიც შვიდ ძმაზე მოგვითხრობდა. ნადიამ სექსუალური ძალადობის ბრალდება ორ მათგანს წაუყენა.
კადრი სიუჟეტიდან, რომელიც შვიდ ძმაზე მოგვითხრობდა. ნადიამ სექსუალური ძალადობის ბრალდება ორ მათგანს წაუყენა.

გამოძიება

2026 წლის 10 მარტს ნადია ვიკარმა პოლიციას მიმართა განცხადებით, რის საფუძველზეც დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე. მას დაზარალებულის სტატუსიც მიანიჭეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მოწმეების მოძიებაც.

ამავდროულად, მიუხედავად წამების, მკვლელობისა და დანაშაულის დაფარვის შესახებ განცხადებებისა, მისი დის, დაშას, სიკვდილთან დაკავშირებით ახალი სისხლის სამართლის წარმოება არ დაწყებულა, წერს „ბაბელი“.

გამოცემის მიმართვის საპასუხოდ, მესამე ცალკეულ მოიერიშე ბრიგადაში განაცხადეს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისგან ოფიციალური შეტყობინებები არ მიუღიათ და აღნიშნეს, რომ მიღების შემთხვევაში ითანამშრომლებენ. მათ „ბაბელის“ გამოქვეყნებულ ამბავზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და განმარტეს, რომ ეს საკითხი არ უკავშირდება სამხედრო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას.

ნადიას ოჯახს საჯაროდ ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ჟურნალისტებმა შეძლეს მოკლე საუბარი მხოლოდ უფროს ძმასთან, რომელმაც ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ოჯახი „მედიის კამპანიაში“ არ ჩაერთვება.

Babel-ის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ძმამ ღირსებისა და რეპუტაციის დაცვის მოთხოვნით სასამართლოსაც მიმართა.

ნადიას თქმით, მან საკუთარი გამოცდილების საჯაროდ გაზიარება გადაწყვიტა იმ მიზნით, რომ საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს ოჯახებში ბავშვთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური ძალადობის პრობლემას, რაც ხშირად დამალული რჩება. ის მსხვერპლებს მოუწოდებს, „არ გაჩუმდნენ, მიმართონ დახმარებას და მოითხოვონ დამნაშავეების დასჯა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG