Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სასამართლომ საიდუმლო გრიფი მოხსნა ეპსტინის სიკვდილის წინა ჩანაწერს

ჯეფრი ეპსტინი. 28 მარტი, 2017.
ჯეფრი ეპსტინი. 28 მარტი, 2017.

ნიუ-იორკის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ, კენეთ კარასმა, საიდუმლო გრიფი მოხსნა ხელნაწერ ბარათს, რომელიც სავარაუდოდ დაწერილია ამერიკელი ფინანსისტის, სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის მსჯავრდადებული ჯეფრი ეპსტინის მიერ.

მოსამართლემ დააკმაყოფილა გაზეთ The New York Times-ის მიერ ერთი კვირის წინ შეტანილი სარჩელი.

მანჰეტენის პროკურატურა არ შესწინააღმდეგებია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ეს მან დაასაბუთა ეპსტინის სიკვდილის გარემოებებისადმი საზოგადოებრივი ინტერესით.

„ჩემს საქმეს თვეების განმავლობაში იძიებდნენ - ვერაფერი ვერ იპოვეს!!!“ - ასე იწყება ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ტექსტი. „სიამოვნებაა, თავად აირჩიო დამშვიდობების მომენტი“, წერია ჩანაწერში.

The New York Times-ს არ დაუდასტურებია ნაწერის ნამდვილობა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყებას ის არასოდეს უნახავს.

ეპსტინის თანასაკნელი, ყოფილი პოლიციელი ნიკოლას ტარტალიონე გაზეთს მოუყვა, რომ ბარათი 2019 წლის ივლისში იპოვა მას შემდეგ, რაც ეპსტინი უგონოდ იპოვეს ყელზე ნაჭრით.

ტარტალიონემ დოკუმენტი თავის ადვოკატებს გადასცა იმის შიშით, რომ ეპსტინი გააგრძელებდა მის დადანაშაულებას თავდასხმებში. თავდაპირველად ეპსტინმა სწორედ ასე განუცხადა ციხის ადმინისტრაციას, მაგრამ მოგვიანებით შეცვალა ჩვენება და თქვა, რომ თანასაკნელთან „არასოდეს ჰქონია პრობლემები“.

2019 წლის ინციდენტის შემდეგ ეპსტინი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ 10 აგვისტოს 66 წლის ფინანსისტი მკვდარი იპოვეს მანჰეტენის დახურულ იზოლატორში.

ნიუ-იორკის სამედიცინო ექსპერტიზამ სიკვდილი თვითმკვლელობად მიიჩნია. მიუხედავად ამისა, იზოლატორში უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევებმა გააჩინა მრავალი ვერსია იმის შესახებ, რომ ეპსტინი მოკლეს.

დოკუმენტი გასაიდუმლოებული რჩებოდა მაშინაც კი, როცა იუსტიციის სამინისტრომ უპრეცედენტო ღიაობის ფარგლებში ეპსტინთან დაკავშირებული საქმეების მილიონობით გვერდი გამოაქვეყნა. მათ შორის ეს ჩანაწერი არ იყო.

გამოძიების ფედერალური ბიუროსა (FBI) და აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ეპსტინი სექსუალურად ძალადობდა ათასზე მეტ ახალგაზრდა ქალზე, რომელთა ნაწილის ის, თითქოს, ცნობილ პიროვნებებს გადასცემდა. 2008 წელს ის გაასამართლეს არასრულწლოვანი გოგონას პროსტიტუციაზე დაყოლიების ბრალდებით. მაგრამ პროკურატურასთან გაფორმებული სადავო შეთანხმების საფუძველზე მან მხოლოდ 13 თვე გაატარა ციხეში.

2019 წელს ეპსტინი განმეორებით დააპატიმრეს. ფედერალურმა სასამართლომ მას ბევრად დიდი რაოდენობის მსხვერპლზე ძალადობა წაუყენა ბრალად. ივლისის ბოლოს ის დაჭრილი იპოვეს საკანში, სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ. 2019 წლის 10 აგვისტოს ეპსტინი მკვდარი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა. მაგრამ ვიდეოთვალთვალის კამერების ჩანაწერებში ხარვეზებმა ოფიციალური ვერსიის მიმართ ეჭვები გააჩინა.

იანვარში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ კონგრესის მხრიდან ზეწოლის შედეგად გამოაქვეყნა სამ მილიონ გვერდზე მეტი ეპსტინთან დაკავშირებული დოკუმენტებიდან, რომლებშიც ფიგურირებენ გავლენიანი პირები. მათ შორის არის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა მასალებისთვის საიდუმლო გრიფის მოხსნას. დოკუმენტებში ვერაფერი აღმოჩნდა პრეზიდენტის მხრიდან რაიმე კანონდარღვევის შესახებ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG