ამაღლობელი 11-12 იანვრის მიჯნაზე ორჯერ დააკავეს - პირველად ადმინისტრაციული წესით, კედელზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის შემდეგ, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო - სისხლის სამართლის წესით. სწორედ ამის გამო მიუსაჯეს მას 2 წლით პატიმრობა.
2026 წლის 11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილული საქმე კი პირველ, ადმინისტრაციულ დაკავებას უკავშირდებოდა.
- 2025 წლის 11 იანვარს ამაღლობელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ დააკავეს;
- ის დააკავეს მას შემდეგ, რაც აქციის მიმდინარეობისას შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობას მიაკრა სტიკერი წარწერით: „იფიცება საქართველო“;
- ამაღლობელი და მისი ადვოკატები დავობდნენ, რომ ეს დაკავება კანონიერი არ ყოფილა;
- კანონიერების დასადგენად ჩატარდა დღეს, 11 მაისს, სასამართლო სხდომა.
დავის დეტალები და საჩივრები
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იერსახის დამახინჯება“ - სტიკერის გაკვრა - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, არ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებას.
მზია ამაღლობელის დაკავება მოჰყვა სტიკერის გაკვრას, თუმცა მისი ადმინისტრაციული დაკავება მოგვიანებით შსს-მ პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით დაასაბუთა - ამაღლობელი დავაკავეთ არა სტიკერის გაკვრის გამო, არამედ იმიტომ, რომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდაო.
სწორედ ამ მუხლით ამაღლობელი 2025 წლის 18 მარტს სამართალდამრღვევად ცნო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სალიხ შაინიძემ, რასაც პროტესტი მოჰყვა.
- მოგვიანებით ამაღლობელის ადვოკატებმა თავიდან მიმართეს ბათუმის სასამართლოს და მოითხოვეს მისი დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა.
- საქმე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეს დაეწერა, თუმცა მან 2025 წლის დეკემბრის განხილვაზე უარი თქვა, იმ არგუმენტით, რომ მზია ამაღლობელი უკვე სამართალდამრღვევად იყო ცნობილი.
- გოგუაძის ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში - ზედა ინსტანციამ საქმე განსახილველად დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამართლოს.
- სხდომა 2026 წლის 23 აპრილს იყო დანიშნული, თუმცა მოსამართლე გოგუაძემ განხილვა 11 მაისამდე გადადო.
- 11 მაისს მან საკითხი განიხილა და საჩივარი არ დააკმაყოფილა - რითაც ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავება კანონიერად მიიჩნია.
ამაღლობელის ინტერესების დამცველთა თანახმად, თუ დადგინდებოდა, რომ ის უკანონოდ დააკავეს, ეს მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება სტრასბურგის სასამართლოში, - სადაც, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, უკვე განიხილება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმე.
უარი ადვოკატის გვერდით ჯდომაზე
11 მაისის სხდომაზე მოსამართლე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მზია ამაღლობელს არ მისცა უფლება, შემოსაზღვრული ადგილის ნაცვლად, ადვოკატის გვერდით დამჯდარიყო.
„თუ შეიძლება ქალბატონმა მზიამ ჩემს გვერდით დაიკავოს ადგილი, მას არ აქვს შესაძლებლობა, თავისუფალი კომუნიკაცია ჰქონდეს ჩემთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი შუამდგომლობა“, - IPN-ის ცნობით, უთხრა ადვოკატმა მოსამართლეს,
თუმცა ალექსანდრე გოგუაძემ უპასუხა: „ის თავსდება სპეციალურ გამოყოფილ ადგილზე. მე კონტაქტს არ გიზღუდავთ იქ, სადაც არის. ამ შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებ“.
„საგულისხმოა, რომ შსს-მ პოზიცია შეიცვალა“ - ადვოკატი
ადვოკატმა ნინო ხუციშვილმა დააზუსტა, რომ „არალოგიკური“ იყო და „კანონთან შესაბამისი“ არ ყოფილა ამაღლობელის დაკავება სტიკერის გაკვრის გამო.
„საგულისხმოა, რომ თავად შსს-ს პოზიცია შეიცვალა პროცესის განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ დაკავების საფუძვლად აღარ უთითებდნენ სამართალდარღვევის აღმოფხვრას“, - თქვა მან.
„გაუგებარია, რა მტკიცებულებას შეიძლება დააფუძნოს მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა საია-ს იურისტმა და თქვა, რომ დაელოდებიან მოსამართლის დასაბუთების ჩაბარებას.
საია-ს განცხადებით, ის მზია ამაღლობელის „პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამ საქმეს აწარმოებს, ხოლო ამჟამად გასაგზავნად ამზადებს მე-4 საჩივარს - უშუალოდ სისხლის სამართლის საქმის თაობაზე.
სახაროვის პრემიის მფლობელი პატიმარი ჟურნალისტი
- მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი და ეს დრო 2027 წლის 12 იანვარს იწურება;
- მან უკვე გაატარა წელიწადი და ოთხი თვე პატიმრობაში, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე ევროკავშირი, პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
„უდოს კომისიამ“ - „სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის ადგილობრივმა საბჭომ“ - ამაღლობელის ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე აპრილში უარი განაცხადა.
საფუძვლად კი მიუთითა, რომ ამაღლობელი „დღემდე არ ნანობს მის მიერ ჩადენილ ქმედებას – ანუ კვლავ დემონსტრაციულად რჩება იმ აზრზე, რომ მისი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს“.
საბჭო ამას წერდა იმის მიუხედავად, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისთვის საქართველოს კანონმდებლობა არ ითხოვს დანაშაულის აღიარებას ან სინანულს.
- მზია ამაღლობელისათვის 2025 წლის 6 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი ერთობლივად დაგმეს 24 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და მას „არაპროპორციული და პოლიტიზებული“ უწოდეს.
- პატიმრობაში ყოფნისას და ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობა შეირყა. ჟურნალისტმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა.
- 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
ფორუმი