11 მაისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გაასაჯაროვა ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტის, ჰააგის ტრიბუნალისთვის გასულ წელს გადაცემული როდრიგო დუტერტეს დიდი ხნის მოკავშირის, სენატორ რონალდ მარაპონ დელა როსას (მეტსახელად - "ბატო") დაპატიმრების ორდერი, რომელიც თავდაპირველად - 2025 წლის 6 ნოემბერს - საიდუმლო გრიფით გაიცა. დელა როსა ხელმძღვანელობდა დუტერტეს ე.წ. ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიას.
ფილიპინური საინფორმაციო სააგენტო PNA-ს ცნობით, სენატორი დელა როსა, თვეების გაცდენის შემდეგ, ორშაბათს სენატის სხდომაზე მივიდა. მასზე ჰააგის ტრიბუნალის მიერ პატიმრობის ორდერის გასაჯაროების შემდეგ, 11 მაისსვე დელა როსას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, საერთაშორისო დევნისგან დასაცავად.
ჰააგის ტრიბუნალის ოფიციალური განცხადების თანახმად, 1962 წლის 21 იანვარს დაბადებული დელა როსა ფილიპინელია და მან, სავარაუდოდ, ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული - მკვლელობა (რომის სტატუტის 7(1) მუხლი), მინიმუმ 2016 წლის 3 ივლისიდან 2018 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, რა დროსაც ფილიპინების რესპუბლიკაში, სულ ცოტა, 32 ადამიანი მოკლეს.
პირველმა წინასასამართლო პალატამ, რომელსაც მსაჯული იულია ანტოანელა მოტოკი თავმჯდომარეობდა, შეაფასა პროკურორის ოფისის მიერ მიწოდებული მასალა და საფუძვლიანად მიიჩნია ვარაუდი, რომ დელა როსა, სავარაუდოდ, სისხლისსამართლებრივად პასუხისმგებელია, როგორც ირიბი თანამონაწილე (რომის სტატუტის 25(3) მუხლის შესაბამისად) კაცობრიობის წინაშე ჩადენილ მკვლელობის დანაშაულში.
დელა როსა, სავარაუდოდ, ჩართული იყო საერთო გეგმაში, რომელიც დაახლოებით 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 16 მარტამდე გაგრძელდა და რომლითაც ფილიპინებში დახოცეს სავარაუდო დამნაშავეები (მათ შორის ისინი, ვინც აღიქმებოდა ან ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების მოხმარებაში, გასაღებასა და წარმოებაში). იმ დროს დელა როსა პოლიციელი იყო, 30-წლიანი გამოცდილებით და სხვადასხვა დროს ეკავა არაერთი თანამდებობა ფილიპინების ეროვნულ პოლიციაში დავაოს ოლქში, აგრეთვე იყო ფილიპინების პოლიციის დაზვერვის ჯგუფში, ადამიანური რესურსებისა და დოქტრინის შემუშავების დირექტორატში. 2016-2018 წლებში ფილიპინების პოლიციის უფროსი იყო, 2018 წლის 30 აპრილიდან 12 ოქტომბრამდე - სასჯელაღსრულების ბიუროს გენერალური დირექტორი.
2021 წლის 15 სექტემბერს, ICC-ს პირველმა წინასასამართლო პალატამ პროკურორის ოფისს მიანიჭა უფლებამოსილება, გამოეძიებინა ფილიპინებში 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის 16 მარტამდე სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულები, ე.წ. ნარკოტიკებთან ბრძოლის კამპანიის კონტექსტში. სასამართლოს ეს ავტორიზაცია მოჰყვა პროკურორის მოთხოვნას გამოძიების დაწყებაზე, რომელიც წარდგენილი იყო 2021 წლის 24 მაისს და რედაქტირებული სახით გამოქვეყნდა 2021 წლის 14 ივნისს. წინასასამართლო პალატამ მიიღო აგრეთვე მსხვერპლის ან მსხვერპლის წარმომადგენლების მოსაზრებები.
ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააპატიმრეს და ჰააგის ტრიბუნალს გადასცეს 2025 წლის 11 მარტს. ამის მიუხედავად, ის ფილიპინების ქალაქ დავაოს მერად აირჩიეს და მის უფლებამოსილებას, მოქმედი მერის სტატუსით, მისი ვაჟი ბასტე ახორციელებს.
ფორუმი