უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ბოსნია-ჰერცეგოვინაში მცხოვრები დავორ სავიჩიჩის წინააღმდეგ. მას ბრალი ედება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის დროს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში, იუწყება „უკრინფორმი“.
ქალაქ ბანოვიჩის მკვიდრი და ეთნიკური სერბი სავიჩიჩი 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარეს იბრძოდა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე სავიჩიჩმა შექმნა დაქირავებული მებრძოლების ბატალიონი „ვოლკი“ (მგლები).
როგორც იტყობინებიან, „ვოლკი“ 2022 წელს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობდა უკრაინის ჟიტომირისა და კიევის ოლქებში. შემდგომში ის ბრიგადად გადაკეთდა. გამოძიება სავიჩიჩს ბრალს სდებს 2022 წლის თებერვალ-მარტში კიევის ოლქის მაცხოვრებლების მიმართ სასტიკ მოპყრობაში ოლქის რამდენიმე რაიონის ოკუპაციის დროს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან ერთად, როგორც იტყობინებიან, სავიჩიჩის წინააღმდეგ მტკიცებულებები შეაგროვა და 22 მაისს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ის ეჭვმიტანილია. სავიჩიჩი მოსკოვის ოლქში ცხოვრობს.
რადიო თავისუფლებამ ადრე შეისწავლა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-სამედიცინო სამმართველოს სამედიცინო დაწესებულებების პაციენტთა მონაცემების ბაზა და დაადგინა, რომ სავიჩიჩი აღმოჩნდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (უფრო ცნობილია როგორც გრუ) პოლკოვნიკი.
2023 წლის იანვარში რადიო თავისუფლების საგამოძიებო პროექტებმა „სისტემამ“ და „სხემიმ“ წვდომა მოიპოვეს კიევის, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში მებრძოლი რაზმი „ვოლკის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფის შიდა დოკუმენტების მასივზე. ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ გრუ-ს რეკრუტირების სისტემა, რომელიც ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „რედუტის“ ფასადს იყო ამოფარებული, მოიცავდა მინიმუმ ოც სხვადასხვა სახის შეიარაღებულ ფორმირებას. „სისტემასა“ და „სხემის“ მიერ ამოცნობილი „მგლებიდან“ სულ მცირე ოთხი იყო გრუ-ს ყოფილი ან მოქმედი ოფიცერი. მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლკოვნიკის წოდება აქვს თავად სავიჩიჩს, რომელიც ადრე კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ რიგებში იბრძოდა.
ფორუმი