Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუმამ მიიღო კანონპროექტი ემიგრაციაში მყოფი რუსების ქონების დაყადაღებაზე

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომა. მოსკოვი, 24 იანვარი, 2026.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმის სხდომა. მოსკოვი, 24 იანვარი, 2026.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი რუსეთის იმ მოქალაქეების სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ და რუსეთის ინტერესების საზიანოდ არღვევდნენ კანონს.

კანონპროექტი თათრეთის სახელმწიფო საბჭომ წარადგინა 2024 წლის ოქტომბერში, 2025 წლის მაისში კი ის პირველი მოსმენით მიიღეს. მეორე მოსმენისთვის კანონპროექტი მნიშვნელოვნად გადაამუშავეს, კერძოდ, დაემატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლების სია, რომელთა მიხედვითაც ემიგრანტები რუსეთში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან.

სხვათა შორის არის „უცხოელთის აგენტის“ საქმიანობის მარეგულირებელი წესების დარღვევა, მედიის თავისუფლების ბოროტად გამოყენება, ტერორისტული ან ექსტრემისტული საქმიანობისკენ მოწოდება, ხელისუფლებისა და საზოგადოების უპატივცემულობა, სიძულვილის წაქეზება, რუსეთის მთლიანობის დარღვევისა და სანქციების დაწესებისკენ მოწოდება, რუსეთის არმიის „დისკრედიტაცია“ და სსრკ-ის ხელმძღვანელობისა და ნაცისტური გერმანიის ქმედებებისა და გადაწყვეტილებების საჯაროდ გაიგივება ერთმანეთთან.

ვინაიდან ამ მუხლებით სისხლისსამართლებრივ დევნაში მყოფი პირები საზღვარგარეთ იმყოფებიან, შემოთავაზებულია ადმინისტრაციული პატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახით სასჯელების გაუქმება და მხოლოდ ჯარიმების დატოვება.

სასჯელის უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების ღონისძიების სახით შემოთავაზებულია ასეთ საქმეებში მონაწილე პირთა ქონების დაყადაღება უკვე ოქმის შედგენის ეტაპზე. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

2025 წლის აპრილში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც საზღვარგარეთ ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების დაუსწრებლად გასამართლების საშუალებას იძლევა 20 სახის დანაშაულისთვის. მათ შორის არის ე.წ. „ფეიკები“ და რუსეთის არმიის „დისკრედიტაცია“, მოწოდებები ტერორიზმისკენ, ექსტრემიზმისკენ, მასობრივი არეულობისკენ და ა.შ. ასევე გამკაცრდა კანონმდებლობა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, რაც მათ ფაქტობრივად უკრძალავს რუსეთში შემოსავლის მიღებას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG