ოფიციალურად დადასტურებულია დარტყმა რუსეთის ცენტრალური ბანკის და კიდევ ერთ შენობაზე. არის ცნობები, რომ შეტევა იყო რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბსა და სამხედრო აეროდრომებზე.
მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე 27 მაისის დილის რვა საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით:
- რაკეტა მოხვდა რუსეთის ცენტრალური ბანკის სამხრეთის სამმართველოს შენობას, სახურავზე ხანძარია და დაზიანებულია მეზობლად მდებარე სახლები.
- წინასწარი მონაცემებით, უკრაინის ძალებმა სევასტოპოლზე შეტევისთვის გამოიყენეს რაკეტები Storm Shadow(ბრიტანულ-ფრანგული წარმოების ფრთოსანი რაკეტა).
- რაკეტამ სევასტოპოლის გოგოლის ქუჩის რაიონში დააზიანა ადმინისტრაციული შენობა, რომელიც უმოქმედო იყო, დარტყმის ტალღამ კი ზიანი მიაყენა ახლომდებარე სახლებს.
ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ წერს, რომ სევასტოპოლში დარტყმა იყო რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის შტაბის შენობაზე, რომელიც გოგოლის ქუჩაზე მდებარეობს და ფლოტის მართვის მთავარი ორგანო იყენებს მას შემდეგ, რაც 2023 წლის სექტემბერში უკრაინის სარაკეტო დარტყმამ გაანადგურა მთავარი შტაბის შენობა.
27 მაისს სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა დრონებით შეტევის სამიზნე რაიონებად დაასახელა ფიოლენტის კონცხი, სევასტოპოლის უბე და უბე ომეგა, სადაც რაზვოჟაევის თანახმად, 20-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს.
„კრიმსკი ვეტერის“ ინფორმაციით, დარტყმა იყო სევასტოპოლის რაიონში მდებარე ბელბეკის და კაჩის სამხედრო აეროდრომებზე და ქალაქ საკის რაიონში მდებარე აეროდრომზე.
უკრაინას ანექსირებულ ყირიმზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს ყირიმზე სარაკეტო შეტევის შესახებ. ამ უწყების ტელეგრამ-არხზე 27 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 26 მაისის საღამოს რვიდან 27 მაისის დილის შვიდ საათამდე რუსეთის შვიდ რეგიონში, შავი და აზოვის ზღვების თავზე და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ თვითმფრინავის ტიპის 140 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ფორუმი