Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"არასწორი გათვლის საფრთხე ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა" - გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი

ან კისტ-ბატლერი, GCHQ-ს დირექტორი
ან კისტ-ბატლერი, GCHQ-ს დირექტორი

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის, უსაფრთხოებისა და კიბერ სააგენტოს - „მთავრობის კომუნიკაციების შტაბის“ (GCHQ) დირექტორმა ან კისტ-ბატლერმა 27 მაისს პირველი ყოველწლიური ლექცია გამართა.

მან ილაპარაკა მედეგობის გაზრდასა და ტექნოლოგიების უსაფრთხოების სასიკეთოდ გამოყენებაზე: „გაერთიანებული სამეფოსთვის საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობაზე, დიდი ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების ლიდერობისთვის „სულ უფრო დავიწროებული გზის პირობებში“.

ბრიტანული მედია კისტ-ბატლერის ლექციის დაწყებამდე წერდა მისი გამოსვლის ძირითად აქცენტებზე, რომლებიც ეყრდნობოდა წინასწარ დაწერილ ტექსტს.

ბრიტანეთის ერთ-ერთი სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელის საჯარო გამოსვლით დადასტურდა წინასწარი ინფორმაცია. კისტ-ბატლერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო დღეს “შედეგების მომკის” ეტაპზეა, როცა იგი ხედავს მოწინააღმდეგეთა სულ უფრო თავხედურ ქცევას. ის გამოვიდა გაფრთხილებით, რომ “რუსეთი აძლიერებს ჰიბრიდულ მოქმედებებს გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის წინააღმდეგ” და ხაზი გაუსვა GCHQ-ს როლს „მოსალოდნელი მოვლენების განჭვრეტაში“, რაც სახელმწიფოს დაეხმარება მომზადებაში.

ბლეტჩლის პარკში გამოსვლისას სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელმა, დაზვერვის სფეროში მრავალმხრივი შეთანხმების - UKUSA-ს (გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ს შორის) ხელმოწერის 80 წლისთავზეც ილაპარაკა. მოგვიანებით ამ თანამშრომლობას ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდიაც შეუერთდნენ.

ან კისტ-ბატლერი თავისი უწყების პოზიციიდან განსაზღვრავს საფრთხის ბუნებას და დეტალურად ლაპარაკობს - რამდენად არსებითია პარტნიორობა ხელოვნური ინტელექტითა და დაზვერვით დაწყებული, აკადემიურ და საჯარო სფეროებს შორის თანამშრომლობით გაგრძელებული, არსებული გამოწვევების ფონზე მედეგობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი ყველას მოუწოდებს ბევრად უფრო აქტუალური გახადონ კიბერუსაფრთხოება, ყველა დონეზე - “მისაღები ოთახებიდან დაწყებული, საკონფერენციო დარბაზებამდე”.

“ჩვენ ვართ რადიკალური ბუნდოვანების, სადაო გეოპოლიტიკისა და სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიის ეპოქაში”, - განაცხადა ოთხშაბათს კისტ-ბატლერმა, რაც, მისივე სიტყვებით, კიდევ უფრო ზრდის GCHQ-ს საქმის მნიშვნელობას ტექნოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის მაქსიმალურად გამოყენებაში ქვეყნის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

GCHQ-ს დირექტორი აღნიშნავს, რომ რუსეთი „დაუღალავად უტევს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, დემოკრატიულ პროცესებს, მიწოდების ჯაჭვებსა და საზოგადოებრივ ნდობას". ის შეეხო რუსეთის საფრთხის შესასუსტებლად და შესამცირებლად სადაზვერვო და თავდაცვის სფეროებში პარტნიორებთან თანამშრომლობას.

ან კისტ-ბატლერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქმიანობას „რუსეთის მიერ დასავლური ტექნოლოგიის მოპარვის მცდელობების ჩასაშლელად, კიბერთავდასხმების, უგუნური საბოტაჟისა და მკვლელობის მცდელობებისგან თავის დასაცავად“.

„ჩვენ მტკიცენი ვართ უკრაინის მხარდაჭერაში, პუტინი უკან იხევს ბრძოლის ველზე“, - აცხადებს დაზვერვის შეფი.

კისტ-ბატლერი, ეროვნულ უსაფრთხოებაში 30-წლიანი კარიერის ფონზე, აცნობიერებს, რომ “გაერთიანებული სამეფოსა და მისი მოკავშირეებისთვის სულ უფრო ვიწროვდება ლიდერობის შესაძლებლობა” და რომ “ჩინეთი ახლა არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სუპერ ძალა".

GCHQ-ს უფროსმა აღნიშნა, რომ სადაზვერვო უწყებების ხელმძღვანელები საჯაროდ იშვიათად ლაპარაკობენ - "თუმცა მე დღეს ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ახლა ვდგავართ შედეგების პირისპირ. გასული წლის ბოლოს, თქვენ MI5-სა და MI6-იდან ჩემს კოლეგებს კენსა [მაკკალუმს] და ბლეიზ [მეტრეველს] მოუსმინეთ. როცა ჩვენს მიგნებებს ვაჯერებთ და სადაზვერვო ინფორმაციას ვცვლით, ერთნაირად ვხედავთ მსოფლიოს:

რადიკალური ბუნდოვანების ახალი ეპოქა, სადაო გეოპოლიტიკისა და სწრაფად ცვალებადი ტექნოლოგიის ეპოქაში.

კოსმოსი მშვიდობასა და ომს შორისაა.

სამი ათწლეული ვიმუშავე ეროვნულ უსაფრთხოებაში და არასწორი გათვლის საფრთხე ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა".

კისტ-ბატლერმა 27 მაისის საჯარო გამოსვლისას გაიხსენა:

"სამი წლის წინ მსოფლიო ლიდერები და ტექნოლოგიური გიგანტები აქ შეიკრიბნენ ხელოვნური ინტელექტის პირველ სამიტზე. მას შემდეგ ბევრი რამე მოხდა. ხელოვნური ინტელექტის სფეროში რევოლუცია უკვე თავს წამოგვადგა".

GCHQ-ს დირექტორი აცხადებს, რომ კვანტური საფრთხე სულ ახლოს არის:

"როგორც მათემატიკოსი, ვიტყვი, რომ კვანტური ტექნოლოგიების ოპერაციონალიზაციის გრაფიკი ყოველთვის ათწლეულის შემდეგ მოიაზრებოდა, თუმცა ეს შეიცვალა. კვანტური ზონდირება უკვე აქ არის - ჩვენი ახალი მოწინავე საქმიანობა აკადემიურ სფეროსთან და მრეწველობასთან საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ დაფარული ქმედების ნიშნები - როგორიცაა რაკეტების გაშვების გამოვლენა.

როგორც კი ისინი მოქმედებაში მოვა, კვანტური კომპიუტერით შესაძლებელი იქნება წამებში შეასრულოს სამუშაო, რომელსაც ახლა წლები სჭირდება.

ეს მოიცავს იმ კოდების გატეხას, რომლებითაც დღეს ჩვენი საიდუმლოებებია დაცული. ჩვენ ვიცავთ ყველაზე კრიტიკულ სისტემებს მომავალში კვანტური თავდასხმებისგან".

ან კისტ-ბატლერი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გაგებაზეც ლაპარაკობს:

"გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფოები ილტვიან ტექნოლოგიური სუვერენიტეტისთვის.

სახელმწიფოს მიერ Colossus-ის მსგავსი სუპერკომპიუტერის ფლობის დრო წავიდა.

ზოგიერთი ცდილობს უსაფრთხოების დაცვა მონაცემების საკუთარი ქვეყნის საზღვრებში შენარჩუნებით უპასუხოს, უცხოური საინფორმაციო ტექნოლოგიების აკრძალვით. მაგრამ, ეს არ მუშაობს".

ბრიტანული სადაზვერვო ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაპარაკობს რუსეთის საფრთხეზე:

"ასეთი აგრესიისა და ქაოსის პირისპირ, GCHQ დაუღალავად მუშაობს დაზვერვასა და თავდაცვასთან რუსეთის საფრთხის შესუსტებისა და შემცირებისთვის.

ერთი სფერო, რომელიც განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის - კრიტიკული მნიშვნელობის კაბელებში მონაცემებისა და ენერგიის, ბრიტანეთის წყლებსა მათ გარშემო მილსადენების დაცვაა - ამას ვაკეთებთ რუსეთის განზრახვის, მოტივებისა და წყალქვეშა შესაძლებლობების გამოაშკარავებით.

ვშლით რუსეთის მიერ დასავლური ტექნოლოგიების კონტრაბანდის მცდელობებს, თავს ვიცავთ მათი კიბერთავდასხმებისგან, უაზრო საბოტაჟისგან და მკვლელობის მცდელობებისგან".

კისტ-ბატლერის თქმით, მისი სადაზვერვო უწყება შეუმჩნევლად მოქმედებს MI5-თან და MI6-თან ერთად დაზვერვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად:

"კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავდაცვის ყველა სფეროსთან შესაძლებლობების გაერთიანებისა და მომავალი კრიზისისა და კონფლიქტისთვის მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.

ეს მოიცავს როგორც ეროვნულ კიბერძალებს, რომლის მეშვეობითაც ყოველდღიურად ვახორციელებთ მაღალი ზეგავლენის მქონე კიბერ ოპერაციებს სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეებთან გასამკლავებლად, ტერორისტებისთვის ძირის გამოსათხრელად, ონლაინსივრცეში ბავშვებზე სექსუალურ მოძალადეებსა და კრიმინალების დევნისთვის".

ბლეტჩლიში გამოსვლისას ან კისტ-ბატლერმა არაერთხელ გაიხსენა GCHQ-ს პირველი დირექტორი ალასტერ დენისტონი და მისი სიტყვები:

"როცა კაცობრიობა ყველაზე ცუდის წინაშეა დღეს, ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვართ.

...ვაცნობიერებ, რომ ამ დგომით ვინაწილებ ისტორიის სიმძიმეს.

დენისტონის 1939 წლის გაკვეთილების სწავლით და ჩემი წარსულისკენ გახედვით, როცა ჯაშუში ვიყავი, ვხედავ როგორ ვადაპტირდებით და როგორ ვმოქმედებთ. კვლავ და კვლავ. ვინაიდან, თუკი ისტორია რამეს გვასწავლის, ესაა: უსაფრთხოებას ვინარჩუნებთ ტექნოლოგიის სასიკეთოდ გამოყენებით. უსაფრთხოდ ვრჩებით იმით, რომ მომზადებულები ვართ. უსაფრთხოდ კი ვართ ერთად დგომით“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG