Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 პოლიციელი დააკავეს გორში კაცის ცემის საქმეზე

გორში მოქალაქეზე რამდენიმე პოლიციელმა იძალადა.
გორში მოქალაქეზე რამდენიმე პოლიციელმა იძალადა.

პროკურატურამ ექვსი პოლიციელი დააკავა გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე. მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა“, - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განმარტებით, „უმოკლეს ვადაში“ მოპოვებული მტკიცებულებებით ბრალდებულები დღეს, 28 მაისს, დააკავეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით).

რა მოხდა გორში

გუშინ, 27 მაისს, რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, „კომბინატის დასახლებაში“ კაცზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიცია აკავებს ორ ადამიანს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც ნაცემია, პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ძალადობა პოლიციის მხრიდან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. გამოუძიებელი ასეთი საქმეები არაერთია, მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ვიდეოკამერების წინ ძალადობდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

სად არის ახლა ნაცემი კაცი

ნაცემი კაცი ვიდეოკადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურორის დადგენილებით გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება არ შეწყვეტილა.

პაპუნა ლოცულაშვილი წუხელ კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა.

გამოხმაურებები

  • სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.
  • იურისტი ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG