Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არ დაემორჩილა მოთხოვნას“ და „ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ - დარახველიძე ჰყვება, რა მოხდა გორში

ფოტოკოლაჟი: მარცხენა მხარეს ჩანს გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობა.
ფოტოკოლაჟი: მარცხენა მხარეს ჩანს გორში პოლიციელების მხრიდან ძალადობა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, კაცი, რომელსაც გორში, „კომბინატის დასახლებაში“, პოლიციამ სცემა, საპოლიციო გადამოწმების მიზნით იყო შეჩერებული. მისი თქმით, ძალადობას წინ უსწრებდა მისი მხრიდან „აგრესიული ქმედება“ და „თავდასხმა“.

„კონკრეტულ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შეჩერებულ იქნა მოქალაქე. იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, გადამოწმებულიყო მისი მონაცემები, რა დროსაც გახდა აგრესიული და განახორციელა ფიზიკური თავდასხმა სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელზე. კერძოდ, ბლაგვი საგნით, ქვის გამოყენებით დაუზიანა ჯანმრთელობა. აღნიშნული პოლიციელი ინტენსიურ რეჟიმში გადის მკურნალობას ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში“, - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.

ეს არის ამ საქმეზე პირველი განმარტება, რომელიც უწყების პოზიციას გამოხატავს.

რა მოხდა გორში

გუშინ, 27 მაისს, რეგიონულმა მედიამ, qartli.ge-მ, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებშიც ჩანდა, როგორ ძალადობდა რამდენიმე პოლიციელი გორში, „კომბინატის დასახლებაში“ პაპუნა ლოცულაშვილზე. ამ კადრების მიხედვით, პოლიცია აკავებს ორ ადამიანს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცი ნაცემია და პოლიციელზე ძალადობას ედავებიან - მის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით და შინაპატიმრობა, ჯარიმა ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ძალადობა პოლიციის მხრიდან

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამართალდამცავები მოქალაქეებზე ძალადობენ. გამოუძიებელი ასეთი საქმეები არაერთია, მათ შორის 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, როცა პოლიცია მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ვიდეოკამერების წინ ძალადობდა.

პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით. ეს მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

სად არის ახლა ნაცემი კაცი

ნაცემი კაცი ვიდეოკადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურორის დადგენილებით გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმის წარმოება არ შეწყვეტილა.

პაპუნა ლოცულაშვილი წუხელ კლინიკა „ვივამედშიც“ იმყოფებოდა გამოკვლევებზე. მან სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე საათში დატოვა. პაპუნა ლოცულაშვილს ნეკნი აქვს გატეხილი.

გამოხმაურებები

  • სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „გმობს პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“.
  • „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მან ნახა გავრცელებული კადრები და „აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და, რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება“.
  • იურისტი ლონდა თოლორაია, რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტში, დირექტორის პოზიციაზე და შემდეგ იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დანაშაულებრივი „საქმეების 99%, რომელზეც პოლიციელის მიმართ დევნა დაწყებულა (დიდი ბრძოლის შემდეგ), ზუსტად ასეთი საქმეები იყო - ვიღაცამ გადაიღო (ფოტო ან ვიდეო) ან ვიღაც მოკვდა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG