„სამველ კარაპეტიანი არის სომეხი [ბიძინა] ივანიშვილი“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა 28 მაისს ინგლისურ ენაზე ფეისბუკში, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებამდე კვირა-ნახევრით ადრე.
„ვფიქრობ, სომხებმა იციან, რა მოუტანა ივანიშვილმა საქართველოს - ეს არის დიქტატურა, რომელიც დაფუძნებულია კორუფციაზე, დანაშაულზე, ეროვნული სიმდიდრის ძარცვაზე, მასობრივ პოლიტიკურ რეპრესიებზე, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, საერთაშორისო იზოლაციასა და მოსკოვის მონობაზე“, - დაწერა სააკაშვილმა.
„ძვირფასო სომეხო მეზობლებო, არის ეს ისეთი ქვეყანა, როგორიც გსურთ გქონდეთ? ნუ გაიმეორებთ საქართველოს შეცდომას, რაც არ უნდა კრიტიკულად იყოთ განწყობილი არსებული მთავრობის მიმართ“, - მიმართა მან სომხეთის მოსახლეობას.
„ახლა, როდესაც ევროპა და ამერიკა გიჭერენ მხარს, ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან“, - წერს იგი.
კარაპეტიანის ძმისშვილი ივანიშვილზე
სამველ კარაპეტიანის ძმისშვილმა, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნარეკ კარაპეტიანმა, - როდესაც 6 აპრილს ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას გამოეხმაურა, - დაწერა:
„იცით, როდის გვეცოდინება, რომ ჩვენ [სომხეთს] ძლიერი დიპლომატია და ძლიერი მმართველები გვყავს? როდესაც ჩვენი უახლოესი მეზობლის ლიდერი შეწყვეტს ჩვენი პრემიერ-მინისტრის უგულებელყოფას და ბოლოს და ბოლოს, დათანხმდება მასთან შეხვედრას“.
მისივე თქმით, ბიძამისი, სამველ კარაპეტიანი, არის ადამიანი, რომელსაც ივანიშვილი „სიამოვნებით შეხვდებოდა“:
„დარწმუნებული ვარ, რომ იგი სიამოვნებით შეხვდებოდა სამველ კარაპეტიანს, რათა განიხილონ, როგორ ააყვავონ სომხეთი და საქართველო“, - დაწერა მან.
- ილჰამ ალიევი 6 აპრილს საქართველოში ჩამოვიდა; პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს შეხვდა;
- ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც 2018 წლის მაისის შემდეგ არის სომხეთის პრემიერი, არასოდეს შეხვედრია ბიძინა ივანიშვილს. ბოლოს ის 4 მარტს იყო თბილისში.
არჩევნები ახლოვდება
სომხეთში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, - რასაც წინ უძღოდა ერევანში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი და რამდენიმე შეთანხმების გაფორმება, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ფაშინიანს უწოდებს „დიდ მეგობარს და ლიდერს“, რომელიც ზრუნავს, რომ საკუთარი ქვეყანა ძლიერი, მდიდარი და უსაფრთხო იყოს და სრულად იზიარებს მის ხედვას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ სომხეთისა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მხარდამჭერი პოსტის გამოქვეყნება დაემთხვა 28 მაისს. 1918 წლის 28 მაისს სომხეთის პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
ფორუმი