ინფორმაცია 23 წლის დვანიტ რაჯდიპის „გაუჩინარების“ შესახებ თავდაპირველად ინდურ მედიაში გავრცელდა.
სტუდენტი წარმოშობით არის ინდოეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ აჰმედაბადიდან, გუჯარათის შტატიდან.
მისი მშობლები დისტანციურად ცდილობენ შვილის პოვნას, ძმა თბილისში იმყოფება. შსს-ს გამოძიება აქვს დაწყებული. ოჯახი ინდოეთის მთავრობას დახმარებას სთხოვს. საქართველოში ინდოეთის საელჩო საქმის კურსშია.
ბოლო კონტაქტი - 14 მაისს
ერთ-ერთი ინდური გამოცემის თანახმად, ოჯახს - კერძოდ, მამას - ბოლოს კონტაქტი დვანიტ რაჯდიპთან 14 მაისს ჰქონდა. მას შემდეგ იგი დაკარგულია.
სტუდენტი უკრაინიდან გადმოვიდა საქართველოში სასწავლებლად და სწავლობდა „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში" (CIU) მედიცინის ფაკულტეტზე.
დედის თანახმად, იგი სამშობლოში დაბრუნებას 2026 წლის სექტემბერში გეგმავდა, სწავლის დასრულების შემდეგ.
მამის თანახმად, სტუდენტს დაპირისპირება ჰქონდა თბილისში იმ ბინის მეპატრონესთან, - ასევე ინდოეთის მოქალაქესთან, - რომელსაც დვანიტი ქირაობდა.
მამის ცნობით, საუბარია „სამხრეთ ინდოელ“ კაცზე, სახელად „ანილზე“ - მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.
დაპირისპირება ბინის მფლობელთან
მამის, მაიურ რაჯდიპის თქმით, დვანიტი „სასტიკ შევიწროებას განიცდიდა“ ბინის გამქირავებლისგან და იმ სხვა ადამიანებისგან, რომლებთან ერთადაც ცხოვრობდა.
- „მათი მხრიდან, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მისი ფულის, საკვებისა და ტანსაცმლის ქურდობას.
- როდესაც დვანიტმა გადაწყვიტა საცხოვრებლიდან გადასვლა, ანილმა უარი თქვა დეპოზიტის დაბრუნებაზე, რის შემდეგაც მას თანხა გამოსძალეს, საერთო ჯამში 6 500 დოლარი, რა მიზნითაც ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი და მისთვის ტელეფონი ჩამორთმეული ჰქონდათ“, - წერს გამოცემა.
ამის შემდეგ, გამოცემის თანახმადვე, მამამ შვილს ინდოეთში დასაბრუნებელი ავიაბილეთი გაუგზავნა.
„დვანიტმა აიღო თავისი პასპორტი და ტელეფონი, რათა აეროპორტში წასულიყო“, - წერს გამოცემა ოჯახზე დაყრდნობით.
შემდეგ იყო სატელეფონო ზარი მამასთან, რა დროსაც „ზარი მოულოდნელად გაწყდა“, - წერს IndiaToday.
გამოცემის თანახმად, თბილისში ჩამოვიდა სტუდენტის უფროსი ძმა, მიჰირ რაჯდიპი და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და უნივერსიტეტთან აქვს კომუნიკაცია. 25 მაისის სტატიაში ეწერა, რომ საქართველოს პოლიციისგან, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ან უნივერსიტეტისგან „თანამშრომლობა არ ყოფილა“.
ბოლოს უნივერსიტეტთან ნახეს
27 მაისს, - გაუჩინარების შესახებ უნივერსიტეტში შესული განცხადებიდან 13 დღის შემდეგ, - CIU-მ ფეისბუკზე განაცხადა:
„2026 წლის 15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემოვიდა შეტყობინება CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის, დვანიტ რაჯდიპის (Dhvanit Rajdeep, ინდოეთი) გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებით“.
„ინფორმაციის მიღებისთანავე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ დაუკავშირდა სერვისს 112 და განაცხადა სტუდენტის გაუჩინარების შესახებ“.
„სამართალდამცავი ორგანოების განმარტებით, იმავე დღეს აღიძრა საქმე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - წერს უნივერსიტეტი.
უნივერსიტეტის თანახმად, იგი პირველივე დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს გამოძიებასთან, აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას, ამასთანავე, მუდმივი კომუნიკაცია აქვს დაკარგული სტუდენტის ოჯახსა და საქართველოში ინდოეთის საელჩოსთან.
„უკანასკნელი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 მაისს, 15:30 საათზე, დვანიტ რაჯდიპი ნახეს კავკასიის მედიცინის ცენტრის (თბილისი, საბურთალო) მიმდებარე ტერიტორიაზე“, - წერს CIU.
ფორუმი