Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქტივისტ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა ქუჩის გადაკეტვის საქმეზე

ზურაბ მენთეშაშვილი
ზურაბ მენთეშაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დღეს, 29 მაისს, 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა 61 წლის აქტივისტს, ზურაბ მენთეშაშვილს, გზის გადაკეტვის საქმეზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ვინაიდან ის გასული წლის 1 ნოემბრიდან იმყოფება პატიმრობაში, ციხეს 1 აგვისტოს, ანუ დღეიდან 2 თვეში დატოვებს.

"მიყვარს ჩემი სამშობლო, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ... ეს [ქუჩის გადაკეტვა] თუ დანაშაული ყოფილა, არ ვიცოდი… აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, მეოთხედ დამიჭირეთ თუ გინდათ. კახელი ვარ და სიჯიუტე მახასიათებს”, - თქვა ზურაბ მენთეშაშვილმა სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვაში.

ზურაბ მენთეშაშვილი, პროდასავლური აქციების ყოველდღიური მონაწილე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 31 ოქტომბერს ქუჩის გადაკეტვის გამო დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით.

იმის გამო, რომ მანამდე ამავე მიზეზით ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, მის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მას შეეხო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომლის თანახმად, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.

თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ზურაბ მენთეშაშვილს მოსამართლე ლია გარშაულიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე კი მოსამართლე იყო ნინო გალუსტაშვილი.

მენთეშაშვილის ადვოკატი ჯანო ჭკადუა მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლითაც ზურაბ მენთეშაშვილი გაასამართლეს, არაკონსტიტუციურია.

მისი დასკვნითი სიტყვის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გასაზღვრავს ისეთ ქმედებას, რომელსაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი იცავს - მათ შორის ნიღბის ტარებას ან ისეთ შეკრებებში მშვიდობიან მონაწილეობას, რომლებიც კანონის დარღვევად მიიჩნევა, ან გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას.

„აღნიშნული ცვლილებები თავისუფლების აღკვეთას სტანდარტულ სასჯელად აქცევს. შესაბამისად, შედეგად ვიღებთ შეკრების თავისუფლებაში ჩარევასა და ინტენსიურ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმას, მხოლოდ მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლების განხორციელებისთვის“, - აცხადებდა ადვოკატი.

მისივე თქმით, ვიდეომტკიცებულება ზურაბ მენთეშაშვილის სიმართლეს ადასტურებდა და არა ბრალეულობას. ამ მტკიცებას არ იზიარებდა პროკურატურა.

გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

ორგანიზაციის შეფასებით: "ეს საქმე სისხლის სამართლის მექანიზმების ბოროტად გამოყენების მაგალითია, თავად საკანონმდებლო ცვლილება და შემდგომ მის საფუძველზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედი მოქალაქეების მსჯავრდება კი ქვეყანაში რეპრესიული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფის გამოხატულებაა".

საკონსტიტუციო სარჩელი

ამ საკითხზე სახალხო დამცველს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი და გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთათვის განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტურად აკრძალვა.

შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების წესებთან დაკავშირებულ შინაარსობრივ აკრძალვებთან ერთად, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემადგენლობა, როგორც უალტერნატივო პატიმრობა, ისე კანონით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა.

ამასთან, კონსტიტუციური სარჩელით სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაწესებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის, მათ შორის, არასრულწლოვანისა და ორგანიზატორის მიმართ დაწესებულ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG