ევროკომისია დათანხმდა, ბუდაპეშტისთვის განბლოკოს 16,4 მილიარდი ევრო ევროკავშირის იმ ფონდებიდან, რომლებიც მანამდე გაყინული იყო. ამ შინაარსის განცხადებით გამოვიდნენ ევროკომისიის ხელმძღვანელი ურზულა ფონ დერ ლაიენი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ბრიუსელში გამართული მოლაპარაკების შემდეგ.
ფონ დერ ლაიენის თქმით, გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა ბუდაპეშტის პროგრესით იმ რეფორმების საკითხში, რომლებიც ეხება კანონის უზენაესობას, კორუფციასთან ბრძოლასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
საერთო თანხიდან 10 მილიარდი ევრო მოდის პანდემიის შემდგომი აღდგენის ფონდზე, ოთხ მილიარდ ევროზე მეტი - ევროკავშირის შეკავშირების ფონდზე, რომელიც შექმნილია წევრ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობის შესამცირებლად. დარჩენილ თანხას უნგრეთი მიიღებს მას მერე, რაც შეასრულებს დამატებით მოთხოვნებს, მათ შორის აკადემიური თავისუფლების სფეროში.
მადიარმა გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ მისი მთავრობა ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან აწარმოებდა მოლაპარაკებას სახსრების განბლოკვის მიზნით. მადიარის თქმით, პირობების განხილვა 29 მაისის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და უნგრეთის მხარე "ყოველი ევროცენტისთვის" იბრძოდა. მადიარმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს თანხა არის ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 13 პროცენტის ეკვივალენტური.
ევროკავშირმა ეს თანხები გაყინა უნგრეთში კანონის უზენაესობის მდგომარეობისადმი არსებული პრეტენზიების გამო. 2023 წელს ევროკომისიამ თანხის ნაწილი განბლოკა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ევროპის პარლამენტმა გაასაჩივრა.
მანამდე ასევე ცნობილი გახდა, რომ უნგრეთის ახალი ხელმძღვანელობა აღარ აპირებს დაბლოკოს ევროკავშირის სანქციათა ინიციატივები, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ.
ფორუმი