Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიტ ჰეგსეთმა გააკრიტიკა აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები

პიტ ჰეგსეთი. ვაშინგონი. 5 მაისი, 2026.
პიტ ჰეგსეთი. ვაშინგონი. 5 მაისი, 2026.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა შაბათს სინგაპურში გამართულ ფორუმზე „შანგრი-ლა-ს დიალოგი“ ნატოელ მოკავშირეებს შედეგებით დაემუქრა, თუ ისინი საკმარისად არ გაზრდიან თავდაცვის ხარჯებს.

„ძალზე დიდხანს რჩებოდა უპასუხოდ ჩვენი ევროპელი მოკავშირეების მიმართ თავაზიანი თხოვნები, რომ გაზარდონ საკუთარი თავდაცვის ხარჯები,“ თქვა პენტაგონის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ახლა ევროპის ქვეყნები „ბოლოს და ბოლოს ანაზღაურებენ დანაკარგს“.

„ჩვენ გვჭირდება პარტნიორები და არა პროტექტორატები,“ აღნიშნა ჰეგსეთმა. მისი სიტყვებით, მტკიცე პარტნიორობის საძირკველს წარმოადგენს „ეროვნული ინტერესების კონკრეტული დამთხვევა“, მაშინ, როცა ევროპა, მისი აზრით, დაკავებულია „ფუჭი გლობალისტური რიტორიკით წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგზე“.

როგორც Deutsche Welle შენიშნავს, ნატოში აშშ-ის ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ 2025 წელს თავდაცვის ხარჯები 19,6%-ით გაზარდეს 2024 წელთან შედარებით. ამასთან, მათი ჯამური ხარჯები კვლავაც ჩამოუვარდება შეერთებული შტატებისას.

ჩინეთის მიერ სამხედრო პოტენციალის უპრეცედენტოდ გაზრდა და [აზია-წყნარი ოკეანის] რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“ მისი სამხედრო საქმიანობის გაფართოება „საფუძვლიან შეშფოთებას“ იწვევს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

ჰეგსეთის თქმით, ვაშინგტონი არ არის დაინტერესებული „არასაჭირო კონფრონტაციით“, ის ესწრაფვის აზიაში ძალთა მყარ წონასწორობას, რომელშიც ჩინეთი ვერ შეძლებს, რეგიონის სხვა ქვეყნებს თავს მოახვიოს „საკუთარი ბატონობა“.

ჰეგსეთმა აშშ-ის აზიელ პარტნიორებს მოუწოდა, ასევე გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, ვინაიდან, მისი თქმით, რეგიონში უსაფრთხოება არ „განუზომლად დიდად არ უნდა ემყარებოდეს ამერიკის სამხედრო ძლიერებას“. მან დადებით მაგალითებად მოიყვანა სამხრეთი კორეა, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები, ახალი ზელანდია კი გააკრიტიკა და თქვა, რომ ის აშშ-ის გადასახადის გადამხდელის ხარჯზე იმყოფება.

ტაივანის თაობაზე ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ამ კუნძულთან აშშ-ის დამოკიდებულება უცვლელი რჩება, მაგრამ „მომავალში ტაივანისთვის იარაღის ნებისმიერი მიწოდების შესახებ გადაწყვეტილებას“ მიიღებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერთან, სი ძინპინთან პეკინში შეხვედრის შემდეგ ტრამპმა შეაჩერა ტაივანისთვის 14 მილიარდი დოლარის გარიგება შეიარაღების შესახებ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG