Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთთან მოლაპარაკების ფანჯარა მომავალ ზამთრამდეა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი(ფოტო არქივიდან)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი(ფოტო არქივიდან)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბრძოლის ველზე ინიციატივის დაკარგვა ქმნის შესაძლებლობას ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკებებისთვის.

ფრონტზე არსებულ ვითარებასა და მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ ილაპარაკა ამერიკულ ტელეკომპანია CBS News-ისთვის 29 მაისს მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 31 მაისს გამოქვეყნდა.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მესამე საარმიო კორპუსის სარდლის, გენერალ ბელეცკის მიერ სააგენტო Reuters-ისთვის მიცემულ კომენტარზე, რომ უკრაინას 6-9 თვე აქვს ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ასაღებად და მოლაპარაკებებისთვის პოზიციების გასამყარებლად. ზელენსკიმ უპასუხა, რომ ეს მართლაც ასეა.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, რუსეთმა ბრძოლის ველზე ინიციატივის დაკარგვა 2025 წლის დეკემბრიდან დაიწყო, რის შემდეგაც ამერიკელ პარტნიორებს გაუზიარა ინფორმაცია და მოსაზრება, რომ არის „ფანჯარა მოლაპარაკებებისთვის“, რადგან ყოველთვიურად რუსეთი სულ უფრო მეტ ცოცხალ ძალას დაკარგავს და შესაბამისად, ბრძოლის ველზე ინიციატივას დათმობს.

  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე 2026 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების სამი რაუნდი გაიმართა. პროცესი შეჩერდა თებერვლის ბოლოდან, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

პრეზიდენტ ზელენსკის შეფასებით, სწორედ ინიციატივის დაკარგვაა იმის მთავარი მიზეზი, რომ ახლა რუსეთმა დაიწყო უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დარტყმები.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსეთმა ერთ თვეში ვერ შეძლო იმაზე მეტი ტერიტორიის ოკუპირება, ვიდრე ამ ერთი თვის განმავლობაში დაკარგა.

ზელენსკის თანახმად, უკრაინას ამჟამად აქვს დროის მონაკვეთი მომავალი ზამთრის დადგომამდე და უნდა გამოიძებნოს დიპლომატიური საშუალებები მოლაპარაკებებისთვის. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს დამოკიდებული იქნება პუტინზე ზეწოლის გაძლიერებაზე.

  • ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 2026 წლის მარტში არ გაზრდილა რუსეთის მიერ უკრაინაში კონტროლირებული ტერიტორიების ფართობი, ხოლო აპრილში შემცირდა კიდეც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG