Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამნაშავედ ცნეს მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებული არასრულწლოვანი

ფოტო არქივიდან: გიგა ავალიანი
ფოტო არქივიდან: გიგა ავალიანი

პროკურატურის თანახმად, დამნაშავედ ცნეს და 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მასწავლებელ გიგა ავალიანზე თავდასხმის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2026 წლის 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, არასრულწლოვანმა მოწმის სახით დაკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა".

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

სასამართლოში ჩვენების შეცვლის გამო დაკავებულზე პირველად სოციალურ ქსელში ინფორმაცია გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ გაავრცელა. მისი თქმით, ჯგუფური ძალადობის ახალ საქმეზე მოწმეები მიდიან და უარყოფენ იმას, რაც გამომძიებლებს დაკითხვის დროს უთხრეს. დაკავებულის შემთხვევაში კი, კუპატაძის თქმით, სასამართლოზევე ნათლად გამოჩნდა, რომ ის იტყუებოდა.

28 წლის მასწავლებელს გიგა ავალიანს თბილისში, თემქის დასახლებაში, 2025 წლის პირველ ოქტომბერს არასრულწლოვანები თავს დაესხნენ და იძალადეს. მან 23 დღე იცოცხლა და 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

  • ადგილზე ორი არასრულწლოვანი იყო, თუმცა მესამეც დააკავეს დანაშაულის დაგეგმვის ბრალდებით.
  • შემდეგ კიდევ ორი დააკავეს დანაშაულის დაფარვისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლებით.
  • შედეგად, ამ საქმეზე ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.



ხუთს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა

2026 წლის 8 აპრილს გამოცხადდა სამი დაკავებულის განაჩენი, არასრულწლოვანთა კოდექსის გათვალისწინებით:

  • ა.გ. და გ.რ - მიესაჯათ 10 წელი და 6 თვე;
  • დ.ჩ. - მიესაჯა 6 წელი და 9 თვე.

2026 წლის 27 მაისს სასამართლომ კიდევ ორი არასრულწლოვანი - დ.ჩ. და ა.ნ. ცნო დამნაშავედ. მათთვის მისჯილი წლების რაოდენობას მოსამართლე 2 ივნისს გამოაცხადებს.

ხუთივე მათგანს უშუალოდ გიგა ავალიანთან დაკავშირებით ჰქონდა ბრალი წარდგენილი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG