Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიზანია, კრიტიკული კითხვები არ ისმოდეს“ - აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტები დაითხოვეს

ფოტოკოლაჟი: ირინა ყურუა და მაია მერკვილაძე
ფოტოკოლაჟი: ირინა ყურუა და მაია მერკვილაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რის საფუძვლადაც მენეჯმენტმა „რეორგანიზაცია“ დაასახელა.

ჟურნალისტების ნაწილი ამ გადაწყვეტილებას უკავშირებს სურვილს, მაუწყებელზე არ ისმოდეს კრიტიკული კითხვები ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი.

შესწორება: თავდაპირველად გავრცელდა ცნობები 5 თანამშრომლის გათავისუფლებაზე, თუმცა დირექტორის თქმით, რეორგანიზაცია 14 თანამშრომელს შეეხო.

„რეორგანიზაცია“

აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლების შესახებ ელექტრონული წერილები 2 ივნისს მიიღეს თანამშრომლებმა, მათ შორის ჟურნალისტებმა:

  • მაია მერკვილაძემ (რადიოს საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი);
  • ირინა ყურუამ (გადაცემა „სათქმელის“ წამყვანი);
  • ასევე თეონა ხარაბაძემ, ლევან ურიდიამ და სალომე გეგეშიძემ.

მათ მისწერეს, რომ შრომითი ხელშეკრულებები რეორგანიზაციის ფარგლებში შეუწყდათ.

და რომ სამართლებრივი დასაბუთება მოგვიანებით ჩაჰბარდებათ. ადმინისტრაციას ჯერ განმარტებები არ გაუკეთებია.

„შეიძლება განსხვავებული აზრის გამო?“

რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ რას უკავშირებს სამსახურიდან გათავისუფლებას, მაია მერკვილაძე ამბობს, რომ ამ კითხვის დასმა სურს მაუწყებლის დირექტორისთვის, ირაკლი კიკვაძისთვის.

„მაინტერესებს, რასთან მქონდა პრობლემა მაუწყებელში, - კომპეტენციის პრობლემა იყო თუ რამე სხვა პრობლემა? ეს უნდა ამიხსნან“, - ამბობს ის და დასძენს:

„ეს ჩემთვის არ არის პირველი გათავისუფლება სამსახურიდან, მაინცდამაინც მორჩილი პოზიციით არ გამოვირჩევი და მაქვს საკუთარი აზრი რაღაც ფაქტებთან და მოვლენებთან დაკავშირებით“.

მაგალითად, მაია მერკვილაძეც და ირინა ყურუაც მხარს უჭერენ გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელს, „სახაროვის პრემიის“ მფლობელ მზია ამაღლობელს, რომელიც პატიმრობაშია.

ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მაია მერკვილაძეს ვკითხეთ, ამ ამბავს, მისი აზრით, ხომ არ ჰქონია რაიმე გავლენა გადაწყვეტილებაზე, რაზეც გვიპასუხა:

„არაერთხელ გამომიხატავს მე ეს მხარდაჭერა, ეს დამალული პოზიცია არ არის. მაგალითად, წინა დირექტორს ვთხოვდი, მაუწყებელს გაეკეთებინა სოლიდარობის რაიმე ჟესტი. იცოდნენ ჩემი პოზიცია დიდი ხნის განმავლობაში.

შესაძლებელია ესეც იყოს, მაგრამ არ ვიცი. ყველა ვარიანტში თვითონ უნდა ამიხსნან მიზეზი, რატომაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება“.

ჩამოთვლილი ხუთი ჟურნალისტი ხელმომწერია 2024 წლის 29 ნოემბერს აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის საერთო განცხადებისა, რომელშიც ისინი წერდნენ, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას.

„მიზანია, კრიტიკული კითხვები არ ისმოდეს“

„ზუსტად ვიცოდი, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა [მენეჯმენტი]“, - ამბობს ირინა ყურუა და განმარტავს:

„რამდენიმე წელია, აჭარის ტელევიზიიდან კრიტიკული კითხვის დამსმელი, კრიტიკულად მოაზროვნე ყველა ჟურნალისტი ან გაუშვეს სამსახურიდან, ან დაუვიწროვეს სამუშაო სივრცე, ჩამოაქვეითეს, პოზიციები წაართვეს, მათთან შეუთანხმებლად გადაიყვანეს სხვა პოზიციებზე“.

„აი, ეს პროცესი გრძელდება ახლაც… საბოლოო მიზანი არის ის, რომ აჭარის ტელევიზიის რადიოდან და ტელეეთერიდან არ უნდა ისმოდეს კრიტიკული აზრი, კრიტიკული კითხვა, არ უნდა ისმოდეს განსხვავებული შეფასება, რაც დისკომფორტს შეუქმნის პარტიულ ნომენკლატურას ან პარტიის იდეალების ფეტიშით დაკავებულ ადამიანებს“, - უთხრა ჟურნალისტმა რადიო თავისუფლებას.

სავარაუდოდ, ჟურნალისტები სასამართლოს მიმართავენ. „ამ წუთას დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ აუცილებლად ვიდავებ სასამართლოში. ყურებჩამოყრილ არ დავჯდები“, - ამბობს ჟურნალისტი ირინა ყურუა.

  • აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი 2026 წლის 29 იანვრიდან არის ირაკლი კიკვაძე, - მანამდე ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელი;
  • მან 2 ივნისს გამოცემა „ბათუმელებს“ მისწერა, რომ მიმდინარეობს რეორგანიზაცია „ყველა სამართლებრივი პროცედურის დაცვით“ და „სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მოგვიწია რამდენიმე თანამშრომელთან დამშვიდობება“.

2026 წელს საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში ერთ წელიწადში 114-დან 135-მდე ჩამოქვეითდა.

ახალი რეიტინგით, ქვეყანა ჩამორჩება ისეთ სახელმწიფოებს, როგორებიცაა ზიმბაბვე, სომალი, უგანდა, მალი, ნიგერია, ჩადი და პაპუა-ახალი გვინეა.

135-ე ადგილი ამ რეიტინგში მიუთითებს, რომ საქართველოში პრესის თავისუფლების მდგომარეობა „რთულად“ არის შეფასებული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG