Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა შეეხოს "ლუკოილსა" და "როსნეფტს"

საილუსტრაციო ფოტო: ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური ნიუარკში. 3 მარტი, 2022.
საილუსტრაციო ფოტო: ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური ნიუარკში. 3 მარტი, 2022.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი, რომელსაც ამჟამად ამზადებენ ევროკავშირის ქვეყნები, სავარაუდოდ არ მოიცავს რუსული ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საზღვაო მომსახურების სრულ აკრძალვას. Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პაკეტის შეთანხმება შესაძლოა უკვე მომავალ კვირაში მოხდეს.

თუმცა მასში მაინც შევა რუსეთის ნავთობსექტორის წინააღმდეგ ზომები. ეს მოიცავს სანქციებს „ლუკოილისა“ და „როსნეფტის“ წინააღმდეგ, ასევე რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული გემების სიის გაფართოებას და მათთვის სხვადასხვა მომსახურების, მათ შორის დაზღვევის, მიწოდების შეზღუდვას.

„როსნეფტის“ მიმართ ამჟამად მოქმედებს ევროკავშირის აკრძალვები გარიგებებზე, ხოლო „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები ჯერჯერობით მხოლოდ მის შვილობილ კომპანიებს ეხება. 21-მა პაკეტი შეიძლება კიდევ უფრო გაამკაცროს ამ კომპანიების წინააღმდეგ სანქციები, მათ შორის საქმე შეიძლება მივიდეს ევროკავშირში მათი ყველა აქტივის გაყინვამდე.

Politico-ს გამოძიებაში, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ყურადღება გამახვილებულია ჩრდილოვან ფლოტზე. გამოცემამ გამოავლინა, რომ ამ ფლოტის ტანკერები, სანქციების მიუხედავად, აუცილებელ სადაზღვევო მომსახურებას იღებენ შუამავლების მეშვეობით, მათ შორის ევროპული გადაზღვევის ორგანიზაციებთან დაკავშირებული შუამავლების მეშვეობით. ეს ართულებს სანქციების პოლიტიკის განხორციელებას.

ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, ასევე დააწესებს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს, რომელიც, სავარაუდოდ, ბარელზე ამჟამინდელ 44,10 აშშ დოლარზე დარჩება, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო გლობალური ფასების ზრდისა. ტექნიკურად „ჭერი“ უკრძალავს ევროპულ კომპანიებს დაზღვევისა და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას ნავთობისთვის, რომლის ფასიც აღემატება დადგენილ ზღვარს.

Politico-ს ცნობით, ასევე განიხილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ კირილეს სანქციების სიაში შეყვანის შესაძლებლობა. ვიქტორ ორბანის მმართველობის დროს უნგრეთი ამ ნაბიჯს ბლოკავდა, თუმცა შესაძლოა ეს პოზიცია ახლა შეიცვალოს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG