უნგრეთი კვლავაც არ აპირებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობას. ამის შესახებ 2 ივნისს ბერლინში ვიზიტისას განაცხადა უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა. გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მან დასძინა, რომ გადაწყვეტილი აქვს, დაბლოკოს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება მანამდე, სანამ კიევი შეწყვეტს იმიერკარპატეთის რეგიონში უნგრული უმცირესობის უფლებების შეზღუდვას.
როგორც Deutsche Welle იტყობინება, მადიარის თქმით, ის მალე მიაღწევს უკრაინაში უნგრული უმცირესობის პრობლემის თაობაზე შეთანხმების მიღწევას. „იმედი გვაქვს, რომ უკვე მიმდინარე კვირაში დავასრულებთ ტექნიკურ მოლაპარაკებებს,“ თქვა მადიარმა. თუ ეს მოხდება, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა, მომავალ კვირაში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და „ახალი თავი გახსნას უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებში“.
მან ასევე თქვა, რომ უნგრეთი „პატიოსანი და სანდო პარტნიორი“ იქნება ევროპისთვის. „ცხადია, ყოველთვის არ ვიქნებით ერთი და იმავე აზრისა. მაგრამ უბრალოდ პრინციპის გულისთვის ვეტოს გამოყენებას არ ვაპირებთ,“ თქვა მადიარმა და აღნიშნა, რომ სწამს მოლაპარაკებების მეთოდისა.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მადიარს სრული მხარდაჭერა აღუთქვა „ევროპის გულში“ უნგრეთის დაბრუნების პროცესში.
მერცის თქმით, პეტერ მადიარმა დაამტკიცა, რომ „ქანქარა არ მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით - არალიბერალურისკენ და ავტორიტარულისკენაც კი“. „მას შეუძლია შთამბეჭდავად იმოძრაოს კვლავ ცენტრისკენ,“ დასძინა მან.
მადიარის წინამორბედი ვიქტორ ორბანი მრავალი წლის განმავლობაში იყენებდა ვეტოს უფლებას და ბლოკავდა ევროკავშირის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 2026 წლის დამდეგს მან უარი თქვა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფაზე. აპრილში პეტერ მადიარმა და მისმა პარტია „ტისამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში და ხმების ორი მესამედი მოიპოვეს. ამის შემდეგ მადიარმა უნგრეთის პოლიტიკის სისტემურ ცვლილებებზე დაიწყო ლაპარაკი და სხვათა შორის განბლოკა უკრაინისთვის განკუთვნილი კრედიტი, ასევე რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები.
ფორუმი