Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუბიო: რუსეთს არ შეუძლია უკრაინაში თავისი მიზნების მიღწევა

მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
მარკო რუბიო, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ 3 ივნისს სენატში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინაში თავისი მიზნების მიღწევა და რუსები, "შესაძლოა, ვერც ვერასოდეს შეძლებენ სამხედრო გზით მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებსაც ახლა მოლაპარაკებებზე მოითხოვენ". რუბიოს ამ განცხადებას ავრცელებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ვაშინგტონში, ალექს რაუფოღლუ.

"უკრაინელები არა მხოლოდ მამაცურად იბრძვიან, ისინი ეფექტიანად ომობენ" - თქვა რუბიომ სენატში გამოსვლისას.

რუბიო ასევე გამოვიდა გაფრთხილებით უკრაინაში ომის ესკალაციის "რეალური" საფრთხის შესახებ - იმ ფონზე, როცა უკრაინის არმია აჩვენებს თავის შესაძლებლობას დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

ოთხშაბათის სხდომაზე მარკო რუბიომ ასევე გამოაცხადა, რომ "საკმაოდ მალე" გავრცელდება ცნობები 400 მილიონ დოლარზე, რომელიც კონგრესმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დაამტკიცა და რომელიც პენტაგონის დონეზეა შეფერხებული.

რუბიოს განცხადებები გაისმა იმ დღეს, როცა უკრაინის დრონებმა დარტყმები მიიტანეს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე, როცა ამ ქალაქში ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის გახსნის ღონისძიება მიმდინარეობდა. კიევმა ამ დარტყმას უწოდა პასუხი სამშაბათს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ იერიშებზე, რომლებსაც 20-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია კვლავაც მზადყოფნაშია იკისროს შუამავლის ფუნქციები მშვიდობის მისაღწევად. "ბოლო წელიწადის განმავლობაში ამას უზარმაზარი დრო და ძალისხმევა დავუთმეთ, მაღალ დონეზე" - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს მოთხოვნაზე მთელი დონბასის გადაცემის შესახებ - როგორც საკვანძო პირობაზე სამშვიდობო გადაწყვეტის მისაღწევად. რუსეთის წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ ამაზე თანხმობა მიღებული იყო აშშ-ის პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან - რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრისას ალასკაში, გასულ წელს. გასულ თვეში ტრამპმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად თქვა, რომ მას პუტინთან არ ჰქონია შეთანხმება იმაზე, რომ რუსეთი "მთელ დონბასს" მიიღებს.

ტრამპმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ომის დასრულება მოახლოებულია. ანალოგიური რამ თქვა პუტინმაც, 9 მაისს - თუმცა მისმა პრესმდივანმა დააზუსტა, რომ პუტინს მხედველობაში არ ჰქონია კონკრეტული რამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG