რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, მარია ზახაროვას მიერ 4 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ამ შეხვედრაზე მოსკოვს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი.
„საექსპერტო შეხვედრა“
მარია ზახაროვამ ხაზი გაუსვა, რომ საუბარია „საექსპერტო შეხვედრაზე“, რომელიც სანქტ-პეტერბურგის „საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ეწყობა:
„5 ივნისს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი მონაწილეობას მიიღებს 3+3 რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმის - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო, ასევე რუსეთი, ირანი და თურქეთი - პირველ საექსპერტო შეხვედრაში სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ოფიციალური თბილისი დაარსების დღიდან უარს ამბობს 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე, რისი საფუძველიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების სამხედრო ოკუპაციაა.
„პოზიცია ცნობილია“ - საგარეო
„საქართველოს პოზიცია ცნობილია, არაერთხელ დაუფიქსირებია ქართულ მხარეს. საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა აღნიშნული ფორმატის შეხვედრებში”, - განაცხადეს 4 ივნისს საქართველოს საგარეო უწყებაში.
თუმცა რახან საუბარია „საექსპერტო შეხვედრაზე“, სავარაუდოდ, ამჯერად არც სხვა დედაქალაქების ოფიციალური წარმომადგენლები იქნებიან სანქტ-პეტერბურგში.
- რადიო თავისუფლებამ საგარეო უწყებას ჰკითხა, არის თუ არა ინფორმირებული რომლიმე კერძო პირის, საქართველოს მოქალაქის მონაწილეობის შესახებ.
- პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
„კარი ღიაა“
ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა 2021 წელს მოსკოვში გაიმართა, მეორე - 2023 წელს თეირანში, მესამე კი - თურქეთში. იყო კიდევ არაერთი შეხვედრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ 3+3 ფორმატის კარი საქართველოსთვის ღიაა.
მოლაპარაკებების ამ ფორმატში საქართველოს ჩართვას თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ეცადა, თუმცა უშედეგოდ.
„რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ მხოლოდ ერთი ფორმატი გაგვაჩნია – ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც საქართველო და რუსეთი ერთმანეთსვე ელაპარაკებიან კონფლიქტის შესახებ და ამ ფორმატში წარმოდგენილია აშშ-ი, გაერო, ეუთო, ევროკავშირი. ძალიან ღირებული ფორმატია ჩვენთვის, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, განვიხილოთ კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები“ - განაცხადა 2025 წლის 12 აპრილს მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ფორუმი