Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის აზრით, დონბასზე კონტროლი არ მოდის წინააღმდეგობაში სამშვიდობო შეთანხმებასთან

ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, უკრაინის დონბასის რეგიონზე რუსეთის კონტროლი არ მოდის წინააღმდეგობაში კიევთან შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობასთან.

"ჯერ ერთი, ერთი მეორეს არ გამორიცხავს - მთელი დონბასის რეგიონის კონტროლი და 'გარიგების' გაფორმება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის" - თქვა პუტინმა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე.

პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა კონფლიქტის სამშვიდობო საშუალებებით გადაჭრისთვის იმ წინადადებების საფუძველზე, რომლებიც განხილული იყო აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ალასკაში გამართულ შეხვედრაზე. პუტინმა ასევე თქვა, რომ კონფლიქტი შეიძლება საკმაოდ მალე დასრულდეს, თუ კიევი დათანხმდება განხილვის პროცესში მყოფ კომპრომისებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ილაპარაკა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო კომპლექს "ორეშნიკის" გამოყენების შესახებაც. უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 24 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინას, ძირითადად, კიევს შეუტიეს 600 უპილოტო საფრენი აპარატით და 90 ბალისტიკური, აერობალისტიკური და გემსაწინააღმდეგო რაკეტით. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 55 რაკეტა და 549 დრონი მოიგერია. რაკეტებს შორის იყო „ორეშნიკი“, რომელიც რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქზე დარტყმისას გამოიყენეს.

პუტინის თქმით, "ორეშნიკით" ბოლო დარტყმა განხორციელდა ობიექტზე, რომელიც სისტემის გამოყენების შედეგის შეფასებას ხდიდა შესაძლებელს. "მათ დაარტყეს 'ფარდულს', რათა ენახათ, როგორ დალაგდებოდა ბლოკები, ეს საჭიროა იარაღის სამომავლო გამოყენებისთვის. 'ორეშნიკის' საბრძოლო მიზნით გამოყენება - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - არც ერთხელ არ ყოფილა" - აცხადებს პუტინი.

პუტინმა ასევე თქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ უკრაინისთვის დრონების დიდი რაოდენობის მიწოდებას, თუმცა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები ძირითადად უმკლავდებიან საფრთხეს. პუტინი ამბობს, რომ რუსეთს აქვს იარაღის ტიპი, რომელსაც არ ფლობს უკრაინა - მათ შორის ჰიპერბგერითი, ფრთიანი რაკეტები და "კიდევ გარკვეული რამ".

ერთი დღით ადრე, 3 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია უკრაინაში თავისი მიზნების მიღწევა და რუსები, "შესაძლოა, ვერც ვერასოდეს შეძლებენ სამხედრო გზით მიაღწიონ იმ მიზნებს, რომლებსაც ახლა მოლაპარაკებებზე მოითხოვენ". რუბიოს ამ განცხადებას ავრცელებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ვაშინგტონში, ალექს რაუფოღლუ.

"უკრაინელები არა მხოლოდ მამაცურად იბრძვიან, ისინი ეფექტიანად ომობენ" - თქვა რუბიომ სენატში გამოსვლისას.

რუბიო ასევე გამოვიდა გაფრთხილებით უკრაინაში ომის ესკალაციის "რეალური" საფრთხის შესახებ - იმ ფონზე, როცა უკრაინის არმია აჩვენებს თავის შესაძლებლობას დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.

ოთხშაბათის სხდომაზე მარკო რუბიომ ასევე გამოაცხადა, რომ "საკმაოდ მალე" გავრცელდება ცნობები 400 მილიონ დოლარზე, რომელიც კონგრესმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით დაამტკიცა და რომელიც პენტაგონის დონეზეა შეფერხებული.

რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს მოთხოვნაზე მთელი დონბასის გადაცემის შესახებ - როგორც საკვანძო პირობაზე სამშვიდობო გადაწყვეტის მისაღწევად. რუსეთის წარმომადგენლები მიანიშნებენ, რომ ამაზე თანხმობა მიღებული იყო აშშ-ის პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან - რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრისას ალასკაში, გასულ წელს. გასულ თვეში ტრამპმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად თქვა, რომ მას პუტინთან არ ჰქონია შეთანხმება იმაზე, რომ რუსეთი "მთელ დონბასს" მიიღებს.

ტრამპმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ომის დასრულება მოახლოებულია. ანალოგიური რამ თქვა პუტინმაც, 9 მაისს - თუმცა მისმა პრესმდივანმა დააზუსტა, რომ პუტინს მხედველობაში არ ჰქონია კონკრეტული რამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG