Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზ ოპოზიციონერს, კან კვარჩიას, რუსეთში დაუსწრებლად მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა

ფოტო არქივიდან: კან კვარჩია
ფოტო არქივიდან: კან კვარჩია

კრასნოდარის მხარის სასამართლომ აფხაზ ოპოზიციონერს, კან კვარჩიას, დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კვარჩიას ყაჩაღობას ედავებიან, ჩადენილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების დაუფლების მიზნით (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტი).

„გამოძიების მასალების თანახმად, მან პირთა ჯგუფთან ერთად 2025 წლის 5 ნოემბერს სოხუმში რუსეთის სამი მოქალაქის მიმართ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რომლის დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით ფული და სხვა ქონება წაართვეს.

სისხლის სამართლის საქმე 2025 წლის 24 ნოემბერს აღიძრა, ხოლო მიმდინარე წლის 28 აპრილს სასამართლოს განსახილველად გადაეცა“.

რა ხდება

რუსეთმა გასული წლის ნოემბერში ძებნილთა სიაში შეიყვანა აფხაზი ოპოზიციონერები კან კვარჩია, ეშსოუ კაკალია და ხინა დუმაა, რომლებსაც რუსეთის საგამოძიებო ორგანოები ბრალს სდებენ აფხაზეთში ე.წ. მუნიციპალური არჩევნების წინ რუს პოლიტტექნოლოგებზე თავდასხმაში.

საუბარია საქმეზე, რომელიც განიხილებოდა როგორც სოხუმში, ასევე მოსკოვში - თავდასხმა რუს პოლიტტექნოლოგებზე ივან რევაზე, პაველ ტიმოფეევსა და დმიტრი ბუდიკინზე.

რუსული გამოძიების თანახმად, "აფხაზეთის რესპუბლიკის" ტერიტორიაზე სამმა პირმა წინასწარი განზრახვით მოაწყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მუქარის შემცველი ყაჩაღური თავდასხმა „საგნის მეშვეობით, რომელიც იარაღად იქნა გამოყენებული“. ზარალმა 1,975 მლნ რუბლი შეადგინა. ეჭვმიტანილებზე - კან კვარჩიაზე, ეშსოუ კაკალიასა და ხინა დუმააზე - რუსეთში ფედერალური ძებნა გამოცხადდა.

2025 წლის 5 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მუნიციპალური არჩევნების წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის "პარლამენტის" წევრმა კან კვარჩიამ და ოპოზიციის აქტივისტებმა სოხუმში აღმოაჩინეს ოფისი, სადაც რუსეთის სამი მოქალაქე - ივან რევა, პაველ ტიმოფეევი და დმიტრი ბუდიკინი - მუშაობდნენ და საიდანაც "პროსახელისუფლებო" გაზეთი „აბხაზსკი ვესტნიკი“ და ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანია იმართებოდა. ერთ-ერთ რუს პოლიტოლოგს წაასწრეს "საარჩევნო კომისიაში" მუშაობისას, რაც ადგილობრივი "კანონმდებლობის" დარღვევაა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ვიდეოში ივან რევამ აღიარა, რომ ქირაობდა ადამიანებს გუნბას კონკურენტების საარჩევნო პლაკატების ჩამოსახსნელად.

მეორე დღეს, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რუსმა პოლიტტექნოლოგებმა განაცხადეს, რომ მათ სცემეს და იარაღით დაემუქრნენ.


აფხაზმა ოპოზიციონერებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აიდგილარის“ ლიდერებმა კან კვარჩიამ და ეშსოუ კაკალიამ პრესკონფერენციაზე მათდამი წაყენებული ბრალდებები უარყვეს.

კვარჩიასთვის დაუსწრებლად პატიმრობის მისჯას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვეტერანთა ორგანიზაციის, "არუაას" წარმომადგენელი ასლან კობახია და ის შეაფასა, როგორც "რეპრესიული მანქანის" ამოქმედება. მისი სიტყვებით, "ასეთი ნაჩქარევი განაჩენი პირდაპირ ზეწოლას ახდენს აფხაზეთის მართლმსაჯულების სისტემაზე".

ფორუმი

XS
SM
MD
LG