5 ივნისის მონაცემებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში 225 019 რუსი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა დადასტურდა. ამის თაობაზე გამოკვლევა BBC-ის რუსულმა სამსახურმა და „მედიაზონამ“ ჩაატარეს მოხალისეთა ჯგუფთან ერთად.
ეს სია ეფუძნება ნეკროლოგების, სასაფლაოებიდან და ომის მემორიალებიდან აღებული ფოტოების, ასევე ღია სამთავრობო რეესტრების მონაცემების ანალიზს. დაღუპულთა რეალური რაოდენობა შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
გამომძიებლები აღნიშნავენ, რომ 2022 წლის ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომის შუამდე დანაკარგების ძირითადი ნაწილი მოხალისეებსზე მოდიოდა, ხოლო ომის პირველ ეტაპზე დიდი დანაკარგი განიცადეს საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფებმა, შემდეგ კი - მოტომსროლელმა ჯარებმა.
2022 წლის ბოლოს და 2023 წლის დასაწყისში მკვეთრად გაიზარდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ დაქირავებულ პატიმრებს შორის დაღუპულთა რიცხვი. სწორედ ამ პირებისგან ჩამოყალიბდა ბახმუტისთვის ბრძოლაში გამოყენებული მოიერიშე ჯგუფები. 2023 წლის მარტში პატიმრები რუსეთის მხრიდან მსხვერპლთა ყველაზე დიდ კატეგორიად იქცნენ. ბახმუტის კამპანიის შემდეგ პატიმრების ასეთი მასშტაბური გამოყენება აღარ დაფიქსირებულა.
2024 წლის სექტემბრისთვის მოხალისეები კვლავ გახდნენ მსხვერპლთა ყველაზე დიდი კატეგორია. ეს განპირობებულია იმით, რომ პატიმრების რეკრუტირება მნიშვნელოვნად შემცირდა, ახალი მობილიზაცია არ ჩატარებულა, კონტრაქტორი ჯარისკაცებისა და მოხალისეების შემოდინება კი გაგრძელდა.
5 ივნისის მონაცემებით, ასევე დადასტურებულია რუსეთის არმიასა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში 7200-ზე მეტი ოფიცრის სიკვდილი.
„მედიაზონა“ აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ოფიცრების წილი დაღუპულთა საერთო რაოდენობაში მცირდება. ომის დასაწყისში, როდესაც საბრძოლო მოქმედებებს ძირითადად პროფესიონალი კონტრაქტორი ჯარისკაცები აწარმოებდნენ, დადასტურებული დაღუპულების 10%-მდე ოფიცრები შეადგენდნენ. 2024 წლის ნოემბრისთვის მათი წილი 2-3%-მდე შემცირდა, რასაც მკვლევრები მიაწერენ ომის ცვალებად ბუნებას და იმ რიგითი მოხალისეების მასობრივ რეკრუტირებას, რომლებიც მნიშვნელოვნად უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე სამეთაურო პერსონალი.
ფორუმი