Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმაშფოთებელია, რომ „ოცნების“ მარიონეტმა პრემიერმა რუბიო ტყუილში დაადანაშაულა - კონგრესმენი უილსონი

გარეკანზე: ირაკლი კობახიძე, ჯო უილსონი და მარკო რუბიო
გარეკანზე: ირაკლი კობახიძე, ჯო უილსონი და მარკო რუბიო

სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი კვლავ კრიტიკულად ეხმაურება პრემიერ ირაკლი კობახიძის პასუხს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განცხადებაზე საქართველოსთან დაკავშირებით.

წარმომადგენელთა პალატის წევრმა უილსონმა 5 ივნისს X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში „მარიონეტი“ უწოდა ირაკლი კობახიძეს და დაწერა:

„ქართული ოცნების“ მარიონეტულმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენი შესანიშნავი და პატივსაცემი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტყუილში დაადანაშაულა. ეს აღმაშფოთებელია. საქართველოში ირანი, ჩინეთი და რუსეთია შეღწეული - მისი ქცევა უნდა შეიცვალოს“.

რა თქვა კობახიძემ?

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 4 ივნისს მედიის მიერ მარკო რუბიოს საქართველოსთან დაკავშირებული განცხადების შეფასებისას თქვა: „არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ“.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მარკო რუბიო იტყუება, კობახიძემ უპასუხა, რომ „ადამიანი როცა საუბრობს, შეიძლება საკუთარი ინტერპრეტაციით რაღაცა თქვას“.

„ფაქტი არის ის, რომ ჩვენ ასეთი კითხვა არასოდეს დაგვისვამს“, - განაცხადა კობახიძემ.

„თქვენ ვერ ნახავთ საქართველოში დემოკრატიის ხელყოფას, სამართლის უზენაესობის ხელყოფას, ამას თქვენ ვერ ნახავთ. რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით“ , - დასძინა მან.

„რაც მამას უნდა“ - ციტატაა მუსიკოს ერეკლე დეისაძის სიმღერიდან, რომელიც 2014 წელს დაიწერა და მალევე ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. როგორც თავადად ავტორი განმარტავდა, სიმღერის აზრი მამის კულტთან ბრძოლაა, რითაც საბოლოოდ პროგრესი მიიღწევა. მუსიკალურმა კომპოზიციამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია - მას კრიტიკისა და მხარდაჭერის ტალღა მოჰყვა.

რა თქვა რუბიომ?

3 ივნისს შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ჯო უილსონმა დაუსვა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალურ თბილისთან ვაშინგტონის ბოლოდროინდელი კომუნიკაციის შედეგად შეიცვლება არა მხოლოდ ამერიკულ-ქართული ურთიერთობები, არამედ თბილისის „ქცევა“.

„ცხადია, ჩვენ გვესმის ყველაფერი, რაც ახლახან აღწერეთ, - ეს ჩვენთვის წინასწარ არსებული პრობლემები. მათ გვკითხეს, „რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობისთვის?“

ჩვენ ვუპასუხეთ და იმედია, ამის საფუძველზე შევძლებთ განვითარებას და შესაძლოა შევცვალოთ ტრაექტორია არა მხოლოდ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობისა, არამედ მათი ქცევისა“, - უპასუხა სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენს.

უილსონმა კითხვის ფორმულირებაში საქართველოს ხელისუფლება აღწერა, როგორც „პროირანული რეჟიმი, რომელიც მხარდაჭერილია ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ“ და „არალეგიტიმურია და საფრთხეს უქმნის ამერიკის წვდომას“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG