Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის მიერ იმიგრაციაზე დაწესებული შეზღუდვები

დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 27 მაისი, 2026.
დონალდ ტრამპი. ვაშინგტონი, 27 მაისი, 2026.

5 ივნისს ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა ლეგალური იმიგრაციის შეზღუდვები, რომლებიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დააწესა ეროვნული გვარდიის სამხედროებზე 2025 წლის ნოემბერში თავდასხმის შემდეგ. აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, ჯონ მაკკონელმა, უკანონოდ ცნო აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის 39 ქვეყნის მოქალაქეებისთვის თავშესაფრის, სამუშაო ნებართვისა და მწვანე ბარათის წესების გამკაცრება.

შემზღუდავმა საიმიგრაციო პოლიტიკამ „შეერთებულ შტატებში მცხოვრები უამრავი იმიგრანტის ცხოვრება სამართლებრივი გაურკვევლობის პირობებში მოაქცია,“ დაწერა მაკკონელმა.

მაკკონელის თქმით, აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) ეროვნული უსაფრთხოების ყალბი საბაბები გამოიყენა, რათა დაეფარა ანტიიმიგრაციული განწყობები. მან აღნიშნა, რომ ამ ზომებმა ათასობით ადამიანი უკვე ექვსი თვეა ლეგალური სტატუსისა და დასაქმების გარეშე დატოვა მხოლოდ და მხოლოდ მათი დაბადების ადგილის გამო.

შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით სარჩელი მარტში შეიტანა კოალიციამ ორგანიზაციებისა, რომლებიც მიგრანტებს ეხმარებიან.

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) 2025 წლის დეკემბრის დამდეგს შეაჩერა იმ მომენტისთვის 19 ქვეყნის მოქალაქეთა ყველა საიმიგრაციო განაცხადის განხილვა მალევე მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში, თეთრი სახლიდან სულ რაღაც რამდენიმე კვარტლის დაშორებით, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნეს.

თავდასხმისთვის ბრალი ედება ავღანეთის მოქალაქე რაჰმანულა ლაკანვალს, რომელიც CIA-სთან კონტრაქტით სამხედრო წვრთნებს გადიოდა. ლაკანვალი წევრი იყო ქვედანაყოფისა, რომელსა CIA უჭერს მხარს. ის 2021 წელს გადავიდა შეერთებულ შტატებში ათიათასობით ავღანელთან ერთად, რომლებსაც ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ თალიბანის შურისძიების შიში ჰქონდათ. ლაკანვალი დანაშაულს არ ცნობს. ის ამჟამად სასამართლო პროცესს ელოდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG