„ჩემი მიწიდან ვარ გამოდევნილი... ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ღვთისმსახურებაც კი არ ტარდება, ქართველებს ყოველდღიურად ჩაგრავენ ქართული ენის გამო და ამ დროს რუსული ენის დღის აღნიშვნა ნებისმიერი ქართველისთვის შეურაცხყოფაა!“ - უთხრა რუსული ენის დღის აღსანიშნავად პუშკინის ძეგლთან მისულებს "საქართველოს რესპუბლიკის" წევრმა, ილია ღლონტმა. ის აფხაზეთიდანაა დევნილი.
"მაშინ, როცა აფხაზეთში და სამაჩაბლოში ქართულ ენას კლავენ, თბილისში რუსული ენის დღის აღნიშვნა დაუშვებელია" - ეს გიორგი თავართქილაძეა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი.
რუსული ენის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, სადაც ის ამბობს:
„ჩვენს უპირობო პრიორიტეტებს შორისაა იმათი დაცვა და მხარდაჭერა, ვისთვისაც რუსული ენა მშობლიურია. მტკიცე წინააღმდეგობას გავუწევთ ენობრივი დისკრიმინაციისა და რუსოფობიის ნებისმიერი გამოვლენას, სადაც არ უნდა მოხდეს ეს. აუცილებლად მივაღწევთ იმ რუსი და რუსულენოვანი ადამიანების უფლებების სრულ აღდგენას, რომელთა წინააღმდეგაც კიევის ნეონაცისტური რეჟიმის მხრიდან ღია ტერორია გაჩაღებული. ამ საკითხის გადაჭრა უკრაინის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარების აუცილებელ პირობებს შორისაა“
საქართველოში 6 და 7 ივნისს, რუსული ენის დღის აღნიშვნის ფარგლებში დაგეგმილია "რუსული ენის ელჩების" პროექტის ფარგლებში ღონისძიებებიც - წელს ასეთი შეხვედრები იმართება ასევე ბუდაპეშტსა და პარიზში.
ფორუმი