Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატრიარქი შიო III პირველად მონათლავს ბავშვებს საყოველთაო ნათლობის ფარგლებში

შიო III, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
შიო III, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა შიო მესამემ საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ ილაპარაკა მიმდინარე წლის 17 მაისს, სამების ტაძარში მიმდინარე „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებულ წირვაზე.

„წელს პირველად ვხვდებით [ილია მეორის გარეშე] ამ დღეს, მაგრამ დღესასწაულის აღნიშვნით კვლავ ცხოვრობს მისი დიდი სულიერი მემკვიდრეობა. ის სიყვარული, ერთობა და ოჯახური სიწმინდისადმი პატივისცემა, რომელსაც იგი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ამკვიდრებდა ჩვენს ხალხში. რა თქმა უნდა, ასევე გაგრძელდება მის მიერ დამკვიდრებული საყოველთაო ნათლობების ტრადიციაც, რომელიც ჩვენი ერის დემოგრაფიული წინსვლის და სულიერი განმტკიცების ხელშემწყობად იქცა“, - თქვა შიო მესამემ.

საყოველთაო ნათლობების ტრადიცია ილია მეორემ 2008 წელს დააარსა. დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მშობლების სურვილის შემთხვევაში, პატრიარქი ნათლავდა ოჯახში დაბადებულ მესამე და შემდეგ შვილს. პატრიარქის ნათლულთა რაოდენობამ ჯამში 50 000-ს გადააჭარბა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG