„მე ველოდები სომხეთის მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვას“, — განაცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბარში ხმის მიცემის შემდეგ. მისი თქმით, არჩევანის გაკეთებისას ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ სახელმწიფოს ინტერესების, დამოუკიდებლობის, მომავლისა და მშვიდობის დაცვის აუცილებლობით.
რადიო თავისუფლების სომხური რედაქციის კითხვაზე, მზად არის თუ არა ოპოზიციაში მუშაობისთვის იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა: „რასაც ხალხი გადაწყვეტს, იმას გავაკეთებთ.“
ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსთან ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, სომხეთს საქართველოსთან ისეთი კარგი ურთიერთობა აქვს, რომ შეუძლებელია საუბარი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.
„არის პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები, რომელშიც ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“.
ფაშინიანის თქმით, საერთაშორისო პროექტები, რომლებიც დღეს რეგიონი ხორციელდება როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ, ასევე სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით, სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას: სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ირანს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე დაარწმუნა საზოგადოება, რომ ერევანი საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებას გააგრძელებს. კითხვაზე, რატომ „გაემგზავრება გამარჯვების შემთხვევაში პირველ რიგში მოსკოვში“, მან უპასუხა:
„საქმე პირველ ან მეორე ადგილს არ ეხება. მე წავალ მოსკოვში, წავალ ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზსა და თბილისში. ასევე ვთქვი, რომ იმედი მაქვს, შესაძლებლობა მექნება მონაწილეობა მივიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში ბაქოში.“
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სომხეთის 2 485 851 მოქალაქეს.
არჩევნებში მონაწილე ძირითადი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები:
- „სამოქალაქო შეთანხმება“ (Civil Contract): მოქმედი მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით. მათი პლატფორმა ევროკავშირთან დაახლოებასა და დასავლურ ორიენტაციას ეფუძნება.
- ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ (Armenia Alliance): მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს.
- ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ (Strong Armenia): ახალი გავლენიანი პრორუსული გაერთიანება, რომლის ზურგს უკანაც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგას.
- „აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia): მსხვილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ ფლანგზე პოზიციონირებს.
- „ერთობის ფრთები“ (Wings of Unity): ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა.
- „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ (ANC): პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია.
ყოფილი მმართველი ძალა, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია“, ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში მონაწილეობას არ იღებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.
ფორუმი