Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარეგინ II: “[ღმერთი] დაგვეხმაროს ძლიერი, უსაფრთხო, დაცული, კანონმორჩილი და აყვავებული ქვეყნის აშენებაში“

გარეგინე II, საარჩევნო უბანზე. 2026 წ. 7 ივნისი
გარეგინე II, საარჩევნო უბანზე. 2026 წ. 7 ივნისი

სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქი გარეგინ II-მ.

„ჩვენი არჩევანი ლოცვითა და ვედრებით გავაკეთეთ, რათა ღმერთმა სომხური სახელმწიფო ურყევად შეინარჩუნოს, აკურთხოს ჩვენი ხალხი და დაეხმაროს მას ცხოვრების ამ მძიმე და რთული გამოცდების გადალახვაში. ასევე, დაგვეხმაროს ძლიერი, უსაფრთხო, დაცული, კანონმორჩილი და აყვავებული ქვეყნის აშენებაში“, - განაცხადა საარჩევნო უბნიდან გამოსულმა სასულიერო პირმა.

გარეგინ II, ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჯმიაწინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - უკიდურესად დაპირისპირებულია ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან.

უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა.

  • გარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას;
  • ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, პატრიარქს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
  • გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გაქრობას და ა.შ.


ნიკოლ ფაშინიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეჯმიაწინის პირველსაყდარი „ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ჯგუფს“ აქვს მიტაცებული და საჭიროა მისი განთავისუფლება. მისი ინიციატივით შეიქმნა საკოორდინაციო ჯგუფიც, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევისთვის ნიადაგის მომზადებას ისახავს მიზნად.

ფაშინიანი სასულიერო პირებს სოციალურ ქსელებში ყოველდღე უძღვნის კრიტიკულ პოსტებს; კრიტიკულია მისი მეუღლე ანნა ჰაკობიანიც, რომელმაც სასულიერო პირებს პედოფილები და „მაფიოზები“ უწოდა.

„თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია უქორწინებლების აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი… შეუძლებელია პატრიარქ-კათოლიკოსს ჰქონდეს ასეთი პირადი ცხოვრება“, - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სომხეთის 2 485 851 მოქალაქეს.

არჩევნებში მონაწილე ძირითადი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები:

  • „სამოქალაქო შეთანხმება“ (Civil Contract): მოქმედი მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით. მათი პლატფორმა ევროკავშირთან დაახლოებასა და დასავლურ ორიენტაციას ეფუძნება.
  • ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ (Armenia Alliance): მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს.
  • ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ (Strong Armenia): ახალი გავლენიანი პრორუსული გაერთიანება, რომლის ზურგს უკანაც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგას.
  • „აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia): მსხვილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ ფლანგზე პოზიციონირებს.
  • „ერთობის ფრთები“ (Wings of Unity): ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა.
  • „სომხეთის ეროვნული კონგრესი“ (ANC): პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია.

ყოფილი მმართველი ძალა, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია“, ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG