Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედროებმა ბეირუთის დაჰიეს სამხრეთ გარეუბანს დაარტყეს

სამხრეთი ლიბანის სოფელ სრიფაზე ისრაელის თავდასხმის მეოერ. 14 აპრილი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)
სამხრეთი ლიბანის სოფელ სრიფაზე ისრაელის თავდასხმის მეოერ. 14 აპრილი, 2026 წელი (საილუსტრაციო ფოტო)

ისრაელის სამხედროებმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის, დაჰიეს სამხრეთ გარეუბანში ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა დაბომბეს.

ეს 16 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პირველი დარტყმაა მებრძოლი დაჯგუფების საყრდენ ობიექტზე იტყობინება Reuters-ი.

შეთანხმების მიუხედავად, არ შეჩერდა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ბრძოლა სამხრეთ ლიბანში.
ისრაელი აცხადებს, რომ სურს მოშალოს ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა თავის საზღვრებთან. ჰეზბოლას სამხედრო ფრთა აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი.

ჰეზბოლამ უარყო წინადადებები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას მის განიარაღებასთან აკავშირებდა და განაცხადა, რომ ისრაელმა ჯერ თავდასხმები უნდა შეწყვიტოს და გაიყვანოს სამხრეთ ლიბანიდან თავისი ძალები.

თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ განცხადებაში ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დაჰიეზე დარტყმა ჰეზბოლას მიერ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ცეცხლის გახსნის საპასუხოდ განხორციელდა.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

სამხედროებმა ადრე განაცხადეს, რომ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ გასროლილი ორი ჭურვი გადაიტაცეს. ჰეზბოლას ამ ცეცხლზე პასუხისმგებლობა არ უკისრია.

ისრაელის სამხედროებმა 7 ივნისს სამხრეთ ლიბანის ქალაქ ტიროსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდეს დარტყმების წინ.


ჰეზბოლა ახლო აღმოსავლეთის ომში 2 მარტს ჩაერთო ირანზე, თავის მოკავშირეზე, აშშ-ის და ისრაელის მიერ დაწყებული ომის საპასუხოდ.
ისრაელის იერიშს ლიბანზე ათასობით ადამიანი იმსხვერპლა და მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილდა.
ირანმა შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების პირობად ლიბანში თავის ახლო მოკავშირესა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა.
ხუთი დღის წინ, მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერმინისტრ ნეთანიაჰუს ესაუბრა და რომ ისრაელის ჯარისკაცები ბეირუთში არ წავლენ, ყველა ჯარისკაცი კი, "რომლებიც გზაში არიან, უკვე უკან გაბრუნებულია", ისრაელის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ტრამპს უთხრა, რომ მისი ქვეყანა ბეირუთს დაარტყამს, თუ ჰეზბოლა ისრაელზე თავდასხმას არ შეწყვეტს.


მხარეებს შორის ვაშინგტონში 2-3 ივნისს გამართული მოლაპარაკების შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა აშშ-ის, ლიბანის და ისრაელის ერთობლივი განცხადება, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ეხება.
შეთანხმების დაცვის პირობაა ჰეზბოლას მიერ ცეცხლის სრულად შეწყვეტა და მისი შეიარაღებული ჯგუფების გასვლა მდინარე ლიტანიდან სამხრეთში მდებარე სექტორიდან.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 3 ივნისს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების თანახმად, ლიბანი და ისრაელი აშშ-ის შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ უახლოეს ხანში დაიწყება შექმნა საცდელი ზონების, რომლებსაც მხოლოდ ლიბანის არმია გააკონტროლებს არასახელმწიფო ძალების მონაწილეობის გარეშე. აშშ ლიბანის სამთავრობო ძალებს მხარდაჭერას ჰპირდება.
ამ ნაბიჯებმა ხელი უნდა შეუწყოს პროგრესს ლიბანსა და ისრაელს შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 22 ივნისის კვირიდან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG