საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე მიულოცა ნიკოლ ფაშინიანს.
“გულითადად ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს! დღეს სომხეთმა მტკიცედ აირჩია თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული მომავალი. ეს ისტორიული არჩევანი აძლიერებს დემოკრატიას და ამყარებს ჩვენი რეგიონის ადგილს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ!” - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა facebook-სა და X-ზე.
7 ივნისს სომხეთში პარლამენტის არჩევნები იმართება. არჩევნებში მონაწილეობს 18 პოლიტიკური ძალა — 16 პარტია და 2 საარჩევნო ალიანსი.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს სომხეთის 2 485 851 მოქალაქეს.
სომხეთის ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 58,9% შეადგინა.
არჩევნებში მონაწილე ძირითადი და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტები:
„სამოქალაქო შეთანხმება“ (Civil Contract): მოქმედი მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით. მათი პლატფორმა ევროკავშირთან დაახლოებასა და დასავლურ ორიენტაციას ეფუძნება.
ბლოკი „სომხეთის ალიანსი“ (Armenia Alliance): მთავარი საპარლამენტო ოპოზიციური ძალა, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს.
ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ (Strong Armenia): ახალი გავლენიანი პრორუსული გაერთიანება, რომლის ზურგს უკანაც მოსკოვში მოღვაწე მილიარდერი სამველ კარაპეტიანი დგას.
„აყვავებული სომხეთი“ (Prosperous Armenia): მსხვილი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გაგიკ წარუკიანის პარტია, რომელიც ასევე მკვეთრად ოპოზიციურ და პრორუსულ ფლანგზე პოზიციონირებს.
„ერთობის ფრთები“ (Wings of Unity): ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ყოფილმა ომბუდსმენმა არმან თათოიანმა დააფუძნა.
„სომხეთის ეროვნული კონგრესი“ (ANC): პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის პარტია.
ყოფილი მმართველი ძალა, სერჟ სარქისიანის „რესპუბლიკური პარტია“, ამ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და მასში არ მონაწილეობს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველი პარტიის ძირითადი კონკურენტები პრორუსული ძალები არიან. მათ რიგებშია კრემლის რჩეული - დაპატიმრებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პოლიტიკური ალიანსი.
ფორუმი