კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის პარტიამ 7 ივნისს გამართულ ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. კენჭისყრა დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა.
კურტის პარტიის შედეგი საკმარისი არ არის მარტო მმართველობისთვის. მას კოალიციის ფორმირებისთვის რთული მოლაპარაკებები ელის.
კოსოვოში ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში გამართულ მესამე არჩევნებში, თითქმის ყველა საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, კურტის პარტია „ვეტევენდოსჯემ“ ხმების თითქმის 43 პროცენტი მოიპოვა.
თუმცა ეს მაჩვენებელი დეკემბერში გამართულ წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლებია, როდესაც პარტიამ 51 პროცენტი მიიღო.
ოპოზიციურმა "კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ" (PDK) და "კოსოვოს დემოკრატიულმა ლიგამ" (LDK) შესაბამისად ხმების 21 და 17 პროცენტი მიიღეს.
კოსოვო სერბეთის ყოფილი ოლქია, რომელიც გამოეყო ამ ქვეყანას და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ნაწილობრივაა აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
რეგიონმა 2008 წელს ცალმხრივად გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა.
სერბეთის კონსტიტუციის თანახმად, კოსოვოს რესპუბლიკის ტერიტორია სერბეთის რესპუბლიკის ნაწილია და განისაზღვრება, როგორც კოსოვოსა და მეტოხიის ავტონომიური პროვინცია (შემოკლებით კოსმეტი). თუმცა კოსოვოს სერბეთის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ამასობაში, ჩრდილოეთი კოსოვო, რომელიც ძირითადად სერბებით არის დასახლებული, პრიშტინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არ არის.
კოსოვო აღიარა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანამ, მაგრამ მას დამოუკიდებელ ქვეყნად არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი სახელმწიფო, რუსეთი და ჩინეთი.
კოსოვო არ უღიარებია საქართველოს.
ფორუმი