Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ძალებმა ნოვოროსიისკში დაარტყეს ნავთობის რეზერვუარების უმსხვილეს პარკს

ნავთობის გადასატვირთავი კომპლექსის, „შესხარისის“ ტერიტორია ნოვოროსიისკში(საარქივო ფოტო)
ნავთობის გადასატვირთავი კომპლექსის, „შესხარისის“ ტერიტორია ნოვოროსიისკში(საარქივო ფოტო)

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკში დაარტყეს ნავთობის გადასატვირთავი კომპლექსის, „შესხარისის“ შემადგენლობაში არსებულ ნავთობის ბაზას „გრუშოვაია“.

კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა 8 ივნისს დილით ტელეგრამ-არხით გაავრცელა ცნობა, რომ ნოვოროსიისკში გადასატვირთავი კომპლექსის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე ჯერ კიდევ გამთენიისას დაწერა, რომ დარტყმა იყო ნავთობის გადასატვირთავი კომპლექსის, „შესხარისის“ შემადგენლობაში არსებულ სამრეწველო მოედანზე „გრუშოვაია“, სადაც რეზერვუარების პარკი იწვის.

ამ ობიექტზე დარტყმა 8 ივნისს დღისით დაადასტურა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. მისი ინფორმაციით, ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე ხანძარია, სხვა შედეგები კი დაზუსტების ეტაპზეა.

  • „გრუშოვაია“ ნავთობის გადასატვირთავი კომპლექსის, „შესხარისის“ უმსხვილესი რეზერვუარების პარკია. საჯარო წყაროების თანახმად, ობიექტის ფართობი დაახლოებით 213 ჰექტარია, სადაც განთავსებულია 1,2 მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახი ათეულობით რეზერვუარი.
  • „გრუშოვაია“ მილსადენებითა და გვირაბებით უკავშირდება საზღვაო ტერმინალ „შესხარისს“.
  • „შესხარისი“ კრასნოდარის მხარეში რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტის“ მაგისტრალური მილსადენების ქსელის ბოლო პუნქტია. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ამ ობიექტს არაერთხელ დაარტყეს 2026 წლის გაზაფხულზეც.

შეტევა ვოლგოგრადის ოლქში მდებარე სადგურზე

8 ივნისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის ვოლგოგრადის ოლქის ჟირნოვის რაიონშიც. რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ბოჩაროვმა დილით განაცხადა, რომ უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ სამრეწველო-სადისპეტჩერო სამსახურის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც „ოპერატიულად ჩააქრეს“.

  • რუსეთის ხელისუფლება სხვადასხვა ობიექტზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის დროს, როგორც წესი, „ნამსხვრევების ჩამოცვენის“ შესახებ იუწყება მაშინაც კი, როცა ზიანი გამოწვეულია დრონებით პირდაპირი დარტყმის შედეგად.

8 ივნისს დღისით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ვოლგოგრადის ოლქში დაარტყეს სამრეწველო-სადისპეტჩერო სადგურ „კრასნი იარს“, რომელიც საკვანძო ობიექტია ნავთობის მიწოდების მარშრუტებზე ორი სტრატეგიული მიმართულებით - ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისკენ და ნავთობსადენ „კუიბიშევ-ტიხორეცკის“ გავლით ნოვოროსიისკში მდებარე ტერმინალ „შესხარისამდე“.

  • ბოლო თვეებში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად გაააქტიურეს შეტევა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ნავთობის საცავებსა და პორტების ტერმინალებზე.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.




ფორუმი

XS
SM
MD
LG