ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ე.წ. პარლამენტს "მთავრობის მეთაურის" პოსტზე განსახილველად მარატ კამბოლოვის კანდიდატურას წარუდგენს. ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რეს-ის" თანახმად, ამის შესახებ გაგლოევმა დღეს სხდომაზე განაცხადა.
"პრემიერის" ახალი კანდიდატურის წარდგენის აუცილებლობა დღის წესრიგში ოფიციალურად ძამბოლატ ტადტაევის გადადგომის შემდეგ დადგა.
"მთავრობის სხდომაზე" გაგლოევმა მიიღო მისი გადაწყვეტილება და "მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის".
ახალი "პრემიერის" არჩევამდე, ტადტაევის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე კონსტანტინ ჯიოევი შეასრულებს.
გაგლოევის პრესსამსახურის თანახმად, „მინისტრთა კაბინეტის ახალ ხელმძღვანელს დაევალება [9 მაისს] ხელმოწერილი შეთანხმებისა და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის ყველა მიღწეული შეთანხმების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფა“.
2026 წლის 25 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“. მანამდე, დოკუმენტი, რომელსაც 9 მაისს პუტინმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა მოაწერეს ხელი, 13 მაისს რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური სფეროების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების შექმნას. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასევე თანხმდებიან ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ტელეკომუნიკაციების სისტემების ეტაპობრივ ინტეგრაციაზე, კანონმდებლობის დაახლოებასა და განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე.
ვინ არის მარატ კამბოლოვი
იმის თაობაზე, რომ კამბოლოვს კრემლი თავად გაგლოევის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრებს, რადიო თავისუფლება რამდენიმე კვირის წინ წერდა.
ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს-ის" ინფორმაციით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა 27 მაისს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, „მარატ კამბოლოვი დაინიშნა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად“.
61 წლის მარატ კამბოლოვი გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია.
მარატ კამბოლოვი — 1987-1990 წლებში მუშაობდა საკავშირო ლენინური კომუნისტური ახალგაზრდული კავშირის (ВЛКСМ) არჩევით ორგანოებში; 1991-1994 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის ანტიმონოპოლიური პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1994-1997 წლებში — რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროს განყოფილების უფროსი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1997-2003 წლებში — რუსეთის ფედერაციის ეროვნებათა და ფედერაციული ურთიერთობების სამინისტროსთან არსებული რუსეთის ხალხთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; 2003-2004 წლებში — რუსეთის ფედერაციის მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მრჩეველი; 2005 წლის ივნისიდან — მეცნიერებისა და ინოვაციების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე; 2010 წლის ნოემბრიდან 2014 წლის აგვისტომდე — რუსეთის ფედერაციის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე; 2021 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრამდე — "კურჩატოვის ინსტიტუტის" დირექტორი. განათლება: 1988 წელს დაამთავრა გორის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი; 1994 წელს — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული მართვის აკადემია; 1996 წელს — რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული სახალხო მეურნეობის აკადემია; 1998 წელს — მოსკოვის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტი სპეციალობით „იურისპრუდენცია“; 2005 წელს — რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო სამსახურის აკადემია სპეციალობით „სახელმწიფო მართვა“. ჯილდოები: დაჯილდოებულია „მეგობრობის ორდენით“ (2012), ორდენით „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ — IV ხარისხის (2014) და III ხარისხის (2018).
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს. ექსპერტების მოსაზრებით, როგორც ჩანს, კრემლი წინასწარ იჭერს თადარიგს.
კამბოლოვის კარიერა თითქმის მთლიანად უკავშირდება რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო სამსახურს. „კურჩატოვის ინსტიტუტამდე“ მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში, ეროვნებათა და რეგიონული პოლიტიკის სამინისტროში, ასევე მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი ჩინი — პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩეველი — აქვს მინიჭებული.
ექსპერტთა შეფასებით, ცხინვალის რეგიონში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე, მოსკოვისთვის გარე მმართველის დანიშვნის იდეა საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება. კრემლის პოზიციიდან ცხინვალის რეგიონს სჭირდება არა მხოლოდ დამატებითი ფინანსური რესურსები, არამედ ადმინისტრაციული მართვის ახალი მოდელი, რომელსაც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა შეეძლება.
⠀
ფორუმი