Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ხოდორკოვსკის დაუსწრებლად ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, არმიის შესახებ "ყალბი ცნობების" გავრცელებისთვის

მიხაილ ხოდორკოვსკი
მიხაილ ხოდორკოვსკი

მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი "იუკოსის" ყოფილ თანამფლობელს და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მიხაილ ხოდორკოვსკის - სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო ე.წ. ფეიკი ცნობების გავრცელებაში არმიის შესახებ.

ხოდორკოვსკის მიესაჯა 10 წლით კოლონიაში განთავსება. პროკურატურა მისთვის 14-წლიან სასჯელს მოითხოვდა, დაცვის მხარე კი - გამართლებას.

მიხაილ ხოდორკოვსკი ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში, გამოდის ომის წინააღმდეგ და მხარს უჭერს უკრაინას, არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებში დაარსებული "ანტისაომარი კომიტეტის" და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან (PACE) არსებული რუსეთის დემოკრატიული ოპოზიციის პლატფორმის წევრი.

მის წინააღმდეგ აღძრული ამ საქმის საბაბი გახდა 2022 წლის სექტემბერში სოციალურ ქსელ X-ით გავრცელებული პოსტი ომში რუსეთის შესაძლო დანაკარგების თაობაზე, ასევე - ვიდეო, რომელიც 2024 წლის ივლისშია გამოქვეყნებული და ეხება რუსეთის ჯარისკაცების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოზე თავდასხმას.

ე.წ. ფეიკად ანუ "ყალბ ცნობად" რუსეთის სასამართლოები და საგამოძიებო ორგანოები მიიჩნევენ ომის შესახებ ნებისმიერ განცხადებას, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.

ხოდორკოვსკის წინააღმდეგ რუსეთში კიდევ ერთი საქმეა აღძრული - მას და "ანტისაომარი კომიტეტის" სხვა წევრებს ბრალს სდებენ კავშირში ტერორისტულ თემთან, ხელისუფლების ძალის გამოყენებით ხელში ჩაგდებასთან და ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდებებთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG