ეს ირკვევა ამერიკული გამოცემა The Hill-ის ჟურნალისტის, ლორა კელის მიერ X-ზე გამოქვეყნებული წერილიდან.
ჟურნალისტმა, - რომელიც წარსულში ნავთობკომპანია „ფრონტერას“ დამფუძნებელი სტივ ნიკანდროსის აშშ-ში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ლობირების შესახებ წერდა, - 8 ივნისს გამოაქვეყნა სტივ ნიკანდროსის მიერ კონგრესმენ ჯო უილსონისთვის მიწერილი წერილი.
„გწერთ, რათა გთხოვოთ, მომცეთ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ საქართველოსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობები“, - სწერს ბიზნესმენი კონგრესმენს ასევე 8 ივნისით დათარიღებულ წერილში.
„უნიკალური პერსპექტივა“
„როგორც რესპუბლიკელი, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, დიდი ხანია პატივს ვცემ თქვენს საჯარო სამსახურში გაწეულ მოღვაწეობას, თქვენს კონსერვატიულ ხმას და თქვენს ლიდერობას ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში“, - წერს ნიკანდროსი და პატივისცემას გამოხატავს უილსონისადმი.
შემდეგ უხსნის, რომ არის კომპანია TXN Energy-ს დამფუძნებელი და 1997 წლის შემდეგ საქართველოში „ინვესტირებული აქვს 500 მილიონი აშშ დოლარზე მეტი“. არ ახსენებს კომპანია „ფრონტერას“.
„მიუხედავად იმისა, რომ პატივისცემით არ ვეთანხმები თქვენს ბოლოდროინდელ დასკვნებს ქვეყნის ამჟამინდელ მიმართულებასთან დაკავშირებით, პატივს ვცემ თქვენს დიდი ხნის ინტერესს რეგიონის მიმართ და თქვენს ერთგულებას აშშ-ის ინტერესების წინსვლის მიმართ“, - წერს ნიკანდროსი უილსონს.
„საქართველოში მუშაობის თითქმის სამი ათწლეულის გამოცდილების წყალობით, მჯერა, რომ შემიძლია შემოგთავაზოთ ქვეყნის შესახებ უნიკალური კერძო სექტორის პერსპექტივა, გაგაცნოთ მისი ამჟამინდელი საინვესტიციო კლიმატი და ის პრაქტიკული შედეგები, რაც აშშ-ის პოლიტიკასა და საჯარო გზავნილებს შეიძლება ჰქონდეს ჩემს მსგავს კომპანიებსა და ქვეყანაში აშშ-ის კერძო სექტორის საერთო საქმიანობაზე“, - წერს ბიზნესმენი.
„გარდა ამისა, მოხარული ვიქნები, თუ მომეცემა შესაძლებლობა, განვიხილო საქართველოს როლი შუა დერეფანში, რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოება და ის გზები, რომლითაც აშშ-საქართველოს ძლიერ ურთიერთობას შეუძლია ხელი შეუწყოს ამერიკის უფრო ფართო სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს აშშ-ის კერძო სექტორის მეშვეობით“, - წერს იგი.
ჯერჯერობით კონგრესმენი საჯაროდ არ გამოხმაურებია სტივ ნიკანდროსის მიმართვას.
- „ფრონტერასთან“ მრავალწლიანი საარბიტრაჟო დავის დასრულებისა და მილიონობით აშშ დოლარის დახარჯვის შემდეგ, 2020 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ თავდაპირველად კონტრაქტის შეწყვეტა დააპირა;
- საბოლოოდ, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება აღარ მიიღო და მოლაპარაკებები გააგრძელა.
- ამჟამად ამერიკულ კომპანიას საქართველოს მთავრობისათვის გადასახდელი აქვს 15,4 მილიონი ლარი, - ამ თანხას სახელმწიფო კორპორაცია „ამოუღებლად“ მიიჩნევს.
- სტივ ნიკანდროსმა 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ წევრს და ჯო უილსონის თანაავტორობით მომზადებული „MEGOBARI აქტის“ წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა. ის მიიჩნევს, რომ „MEGOBARI აქტი“ და საქართველოსთვის სანქციების დაწესების „სხვა მცდელობები“ ზიანს მიაყენებს ამერიკულ ბიზნესებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ.
ფორუმი