Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლია რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად

9 ივნისს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე
9 ივნისს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა უკრაინის ხარკოვის ოლქზე რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად. ოლქის პროკურატურის ცნობით, დაღუპულებს შორისაა ორსული. დაშავებული არიან ბავშვებიც.

9 ივნისს სარაკეტო შეტევა იყო ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე. დაიღუპნენ 22 წლის ქალი, რომელიც ორსულად იყო და ორი მამაკაცი. დაშავდა 6 ადამიანი. ჩუგუევში დაზიანებულია სახლები, მაღაზიები და სხვა სამოქალაქო ობიექტები.

9 ივნისი ჩუგუევში გლოვის დღედ გამოცხადდა.

რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზე. საოლქო პროკურატურის ცნობით, დაშავდა 16 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ქალაქ ხარკოვის შევჩენკოს რაიონში დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები, ბიზნეს-ცენტრი, საოფისე შენობები და ეკლესია. ხოლოდნოგორის რაიონში დრონებით დარტყმა იყო საწარმოსა და სარემონტო საამქროზე.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა ნიკოპოლის და პავლოგრადის რაიონებში. დაზიანებულია სახლები, აფთიაქი, კაფე და სამეურნეო ნაგებობები.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 9 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ორი მართვადი საავიაციო რაკეტით და 116 უპილოტო საფრენი აპარატით.

ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 146 დრონის მოგერიება და ორივე რაკეტით და 17 დრონით პირდაპირი დარტყმა 18 ადგილზე.

უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ. მის მიერ 9 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგის, კურსკის, ორიოლის, ტულის და მოსკოვის ოლქებში, ყირიმში და აზოვის და შავი ზღვების თავზე „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 140 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.

ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დრონებით შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა შჩებეკინოს რაიონში. კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ ტუაფსეს რაიონში ხანძარი გამოიწვია ორ საცხოვრებელ სახლში.

ბრიანსკის ოლქის ხელისუფლების თანახმად, უკრაინული დრონებით შეტევა იყო ენერგოობიექტზე, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 34 ათასამდე აბონენტს.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG