Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის სასამართლოს წინაშე წარდგება 7 ქართველი - მათ ბრალად ედებათ რუსული წიგნების ქურდობა ევროპაში

მოკლედ

  • 9 ივნისიდან პარიზის სასამართლოში დაიწყება საქართველოს იმ 7 მოქალაქის საქმის განხილვა, რომლებსაც საფრანგეთის ბიბლიოთეკებიდან და წიგნების საცავებიდან რარიტეტული რუსული წიგნების ქურდობა ედებათ ბრალად.
  • 7 ადამიანიდან ორს დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენილი - მათზე დაკავების ორდერებია გამოცემული.
  • კიდევ ორი შვიდიდან, მიხეილ ზ. და ბექა ც. უკვე დაკავებულები არიან სხვა ქვეყნებში ანალოგიური დანაშაულისთვის და დროებით გადასცეს სასამართლოში მონაწილეობისთვის საფრანგეთს.
  • შვიდივე ბრალდებულს, ფრანგული კანონმდებლობის მიხედვით, ათ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ქართველი წიგნის ქურდების მიერ ევროპული ბიბლიოთეკების ძარცვის ამბავმა დასავლური მედიის ყურადღება 2024 წელს მიიპყრო - თავად წიგნის ქურდობები 2022 წლიდან იწყება. გამოძიების მასალების მიხედვით, მოპარულია რამდენიმე მილიონის ღირებულების რარიტეტული გამოცემები, მათგან მხოლოდ რამდენიმეა ნაპოვნი.

საფრანგეთი წიგნის ქურდობის საქმეს რამდენიმე წელი იძიებდა - გამოძიების ვერსიით, მუშაობდა "ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფი."

მათ, ვინც ფრანგული სასამართლოს წინაშე წარდგება, ბრალად ედებათ იმავე დანაშაულის ჩადენა სხვა ქვეყნებშიც.

ბრალდებულთაგან ერთი, მიხეილ ზ.-ს 2025 წელს ლიეტუვაში სამი წლით და ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს მეცხრამეტე საუკუნეში გამოცემული წიგნების ქურდობისთვის, რომელთა ღირებულება 606 000 ევრო იყო. საფრანგეთამდე მას ვარშავისა და ვილნიუსის ბიბლიოთეკების ძარცვას ედავებოდნენ.

ესტონეთში იხდის სასჯელს ამ საქმის კიდევ ერთი ბრალდებული, ბექა ცირეკიძე - მისი ოჯახის წევრები საქართველოში არიან დაკავებულები ანალოგიური დანაშაულისთვის. შვილები ჯერაც პატიმრობაში არიან, რძალს საპროცესო აქვს გაფორმებული. ცირეკიძეს ლატვიასა და ესტონეთში წიგნის ქურდობისთვის აქვს მისჯილი, მის შვილებს კი ვარშავის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძარცვას ედავებოდა გამოძიება - გაუჩინარებული წიგნების ღირებულება 80 000 ევროდ არის შეფასებული.

ცირეკიძის მიერ ტარტუში მოპარული წიგნებით მიყენებული ზარალი 158 000 ევროდ შეფასდა, ლატვიაში - 16 000 ევროდ, ხოლო ტალინში - 53 000 ევროდ.

რაც შეეხება თავად საფრანგეთში წიგნის ქურდობის შემთხვევებს, რომლებიც ფრანგულმა სასამართლომ უნდა განიხილოს, აქ საუბარია სამი ფონდიდან წიგნების მოპარვაზე - სამივე შემთხვევა 2023 წელს მოხდა.

რარიტეტული წიგნების ქუდების სამიზნე საფრანგეთში გახდა ლიონის ბიბლიოთეკა, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკა და ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა პარიზში.

გამოძიებამ პარიზისა და ლიონის ბიბლიოთეკებში კალამსა და ტყავის ქამარზე დატოვებული იდენტური დნმ აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ მძარცველები ერთი და იგივე ადამიანები არიან. სავარაუდოდ, იგივე ხალხი მონაწილეობდა შვეიცარიაში, ჟენევაში პუშკინის გამოცემების ქურდობაშიც - ჟენევის ბიბლიოთეკიდან გამქრალია პუშკინის მე-19 საუკუნეში გამოცემული ანთოლოგია.

გამოძიების მიხედვით, ქურდები ფრანგულ ბიბლიოთეკებში იშვიათი და ძვირფასი წიგნების სანახავად რამდენჯერმე მივიდნენ, გადაიღეს და გაზომეს ისინი, მოგვიანებით კი ორიგინალი გამოცემები ოსტატურად დამზადებული ასლებით შეცვალეს.

მიხეილ ზ., ქურდობის ფაქტს აღიარებს, მაგრამ უარყოფს სხვა ბრალდებულებებთან თანამშრომლობას და დანაშაულის მოტივად სიხარბეს და მოპარული წიგნების რუსულ აუქციონებზე გაყიდვის სურვილით ხსნის.

2024 წლის ივნისში რუსეთის "ლიტფონდის" აუქციონის სახლმა თავის კატალოგში შეიტანა პუშკინის "კავკასიის ტყვის" მეორე გამოცემა, რომელიც პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული ეგზემპლარის ანალოგი იყო, თუმცა აუქციონის სახლის მტკიცებით, მათ ეს გამოცემა 2014-15 წლებში შეიძინეს და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც აქვთ.

მიხეილ ზ. 2023 წლის 8 ნოემბერს ბელგიის აეროპორტში დააკავეს - მაშინ ფრანგული მედია მასზე წერდა, რომ კაცი ბევრს მოგზაურობდა ევროპაში და საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდა: რჩებოდა სასტუმროებში, სადილობდა რესტორნებში, მგზავრობდა ტაქსით.

საფრანგეთის პოლიცია თვლის, რომ მიხეილ ზ.-ს ჰყავდა თანამზრახველიც, ვინმე ვალერიან რ. მისი ვიზიტები საფრანგეთის ბიბლიოთეკებში ემთხვეოდა მიხეილ ზ.-ს ვიზიტებს სამკითხველო დარბაზებში. ისიც რუსული წიგნებით იყო დაინტერესებული და, გარდა ამისა, მის ტელეფონში პოლიციამ ამ წიგნებისთვის გადაღებული ფოტოები და გამოცემების დეტალური აღწერები იპოვა, კამერების ჩანაწერებში კი ჩანს, როგორ ზომავს ის სახაზავით რარიტეტულ გამოცემებს. პოლიცია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ ჩანაწერების, ნახაზებისა და ფოტოების დახმარებით დამზადდა წიგნების ზუსტი ასლები. ტელეფონში აღმოჩენილ საუბრის ჩანაწერებში ის ამბობს, რომ ასლების დამზადებას 2-3 კვირა სჭირდება, ის წიგნები კი, რაც მან ლიონში ნახა, ოცი ათას ევრომდე მოგებას მოუტანს.

58 წლის ვალერიან რ. საფრანგეთში ტურისტის სტატუსით იყო ჩასული, როგორც ძველი წიგნების გამყიდველი და ანტიკვარიატით მოვაჭრე. საფრანგეთის პოლიციისთვის მიცემული ჩვენება მან რამდენჯერმე შეცვალა - ერთ-ერთი ვერსიით, მას ცნობისმოყვარეობა ამოძრავებდა, ვინაიდან რუსული წიგნების ასეთი გამოცემები საქართველოში იშვიათობაა. სხვა ჩვენებაში ის ამბობს, რომ რარიტეტული გამოცემების ასლებს საქართველოში გასაყიდად ამზადებდა. გამოძიების ვერსიით, მძარცველს ბიბლიოთეკებიდან წიგნები გამოჰქონდა და ასლები შეჰქონდა ხელის სახვევით, რომელიც ისე ჰქონდა აკრული, რომ თაბაშირში ჩასმულის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ქართველი წიგნის ქურდების თარეში ევროპის ბიბლიოთეკებში
please wait

No media source currently available

0:00 0:15:20 0:00
გადმოწერა

ევროპაში წიგნის ქურდობის ბრალდებით საქართველოშიც დააკავეს 5 ადამიანი - მათგან სამი ზაზა ცირეკიძის ოჯახის წევრი იყო.

დაკავებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ისინი საპატიმრო სასჯელს იხდიან - ციხეს გადაურჩა მხოლოდ ზაზა ცირეკიძის რძალი, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და საპროცესო გარიგება გააფორმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG