ცვლილებათა პაკეტის რეგისტრაციის თარიღად 2026 წლის 3 ივნისია მითითებულია. მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.
კომპანიის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 69 მილიონი ლარი იქნება (დღგ-ს გარეშე) და დასაქმდება 163 თანამშრომელი.
„კერძო სამართლის იურიდიული პირი“
„საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს კერძო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, რომელიც განახორციელებს საავტომობილო გზების მოვლა-შენახვას“, - წერს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის თანახმად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალ კომპანიას გადასცემს „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მონაკვეთების მოვლა-შენახვის“ ვალდებულებას - „სრულად ან ნაწილობრივ“.
9 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად განაცხადა:
„გვინდა შევქმნათ სტაბილური რესურსი, რომელიც ხარისხის გარანტიაც იქნება“.
„ორმაგი ეფექტი“
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ინიციატივას ორი მიზანი აქვს:
- „[გზების] მოვლა-შენახვისთვის მე ვფიქრობ რომ სწორია კომპანიის შექმნა, რომ სტაბილური რესურსი გვქონდეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია“;
- „ამასთან, ჩვენ ხშირად გვიწევს სტიქიურ მოვლენებთან გამკლავება, რასაც სჭირდება მათ შორის სპეცტექნიკა, შესაბამისად ეს კომპანია მობილიზებული იქნება“, - თქვა მან.
კითხვაზე, რამდენად ხარისხიანი იქნება სახელმწიფო კომპანია ამ საქმეში, პრემიერმა განაცხადა:
„ჩვენ შეგვიძლია ერთად დავაკვირდეთ, რამდენად ხარისხიანი იქნება“.
მისი თქმითვე, კერძოს კომპანიის შემთხვევაში „ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი“ და ფიქრობს, რომ „სახელმწიფო კომპანია უფრო ხარისხიანად შეასრულებს ამ სამუშაოს“.
ბიუჯეტი: 63 მილიონი ლარი
განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია საწყისი კაპიტალური ინვესტიცია (CAPEX), რომელიც შეადგენს დაახლოებით 63 მილიონ ლარს (დღგ-ს გარეშე).
ეს ბიუჯეტი მოიცავს „ტექნიკური ბაზის სრულ ფორმირებას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას“.
ინვესტიციის ძირითადი მიმართულებები ასეა განსაზღვრული:
- ზამთრის მოვლა-შენახვის ტექნიკა - დაახლოებით 30.9 მლნ ლარი, 65 ერთეული;
- ზაფხულის მოვლა-შენახვის ტექნიკას - დაახლოებით 16.4 მლნ ლარი, 54 ერთეული;
- ინფრასტრუქტურის, IT-სისტემებისა და საწყისი მარაგების ფორმირება - დაახლოებით 15.6 მლნ ლარი.
„საერთო ჯამში, პროექტი ითვალისწინებს 119 ერთეული თანამედროვე ტექნიკის შეძენას“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ამასთან, წერია, რომ „ოპერაციული (OPEX) ნაწილი მოიცავს კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯებს და წლიურად შეადგენს დაახლოებით 30 მილიონ ლარს“, რაც, ამავე წყაროს თანახმად, მოიცავს:
- „სახელფასო ფონდს - დაახლოებით 7 მლნ ლარს 163 თანამშრომლისათვის;
- საწვავისა და მასალების ხარჯებს;
- ტექნიკის მოვლა-შენახვასა და ამორტიზაციას;
- ადმინისტრაციულ და სხვა ოპერაციულ ხარჯებს“.
იქვე განმარტებულია, რომ ეს ხარჯები „დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში, შესაბამისი რესურსების ოპტიმიზაციისა და გადანაწილების გზით“.
სხვა ცვლილებები
ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონის გამკაცრებას.
ამჟამად ეს კანონი უკვე აწესებს „საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში გზების მფლობელთან შეუთანხმებლად საქმიანობის განხორციელების აკრძალვას“.
ამ წესის გათვალისწინებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ითანხმებს (გასცემს ტექნიკურ პირობებს) ან/და გარკვეულ შემთხვევებში უარს ამბობს, გზების მიმდებარედ, გზისპირა ზონებში (გზის ღერძიდან 100 ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, 200 მეტრში) საქმიანობას.
თუმცა სამინისტრო ამბობს, რომ საკანონმდებლო დანაწესის მიუხედავად, ხშირია:
- შეუთანხმებელი სამშენებლო საქმიანობა;
- დეპარტამენტთან შეთანხმების პირობების დარღვევა (მათ შორის, დასაშვები მანძილის/ზოლის დარღვევა, დეპარტამენტის ტექნიკური პირობების გარეშე);
- საგზაო ინფრასტრუქტურაზე ზიანის მიყენება და სხვა პრობლემები.
ამიტომაც, - განმარტავს სამინისტრო განმარტებით ბარათში, - კანონპროექტი „მიზნად ისახავს გზისპირა ზოლებში უკანონო მშენებლობის პრევენციას, სახელმწიფო ინტერესების დაცვას, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გზით მოსარგებლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
ცვლილებებით, ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებების შეუსრულებლობა „გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით“.
ფორუმი