რომის პაპმა თავისი მოგზაურობა ესპანეთში კატალონიაში გააგრძელა.
ბარსელონაში რომის პაპმა ლეონ XIV-მ რეგიონის თვითმყოფადობის მნიშვნელოვან ელემენტ კატალონიურ ენაზე მიმართა ხალხს. ესპანეთში ერთკვირიანი ტურნეს ფარგლებში მან თქვა, რომ კონფლიქტებმა მსოფლიო ღრმა კრიზისში ჩააგდო.
ისევე როგორც მადრიდში, სადაც მან 15 წლის განმავლობაში თავისი პირველი ვიზიტი დაიწყო ესპანეთში, ლეონ XIV-ს უამრავი ადამიანი დახვდა ბარსელონაშიც, როცა ის ბარსელონის მე-14 საუკუნის საკათედრო ტაძარში მივიდა შუადღის ლოცვის ჩასატარებლად. ეკლესიის წინ, მზეში, ათასობით ადამიანი დროშებს აფრიალებდა და ხმამაღლა გაიძახოდა: „დღეგრძელი იყოს პაპი!“
„Estimats germans i germanes“ (ძვირფასო ძმებო და დებო), - პაპმა ქადაგება კატალონიურ ენაზე დაიწყო და რეგიონის გამორჩეულ კულტურულ და პოლიტიკურ ხასიათზე გაამახვილა ყურადღება.
რეგიონული ოფიციალური პირები იმედოვნებდნენ, რომ პაპი იმ ენაზე ილაპარაკებდა, რომელიც ფართოდ გამოიყენება სკოლებში, ეკლესიებსა და ადგილობრივ პოლიტიკაში.
კატალონიური ენა, რომლის საჯარო სივრცეში გამოყენებაც შეიზღუდა გენერალ ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის დროს, რომელიც 1975 წელს დასრულდა, თვითმყოფადობის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს ამ რეგიონში, რომელმაც 2017 წელს ესპანეთისგან გამოყოფა სცადა. მას შემდეგ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჩაცხრა და რეგიონს ამჟამად არასეპარატისტი ლიდერი მართავს.
8 ივნისს, როდესაც ლეონ XIV ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსასვლელად მივიდა, მირიამ ნოგერასმა, კანონმდებელმა, კატალონიის სეპარატისტული პარტია Junts-ის წევრმა, წინასწარ მადლობა გადაუხადა პაპს, რომ ის კატალონიურ ენაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას.
ლეონ XIV-მ თავის საპარლამენტო გამოსვლაში ყველას მრავალფეროვნების პატივისცემისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ნებისმიერი ქვეყნის „მორალური სიდიადე“ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეპყრობა ის მიგრანტებს და სხვა დაუცველ მოსახლეობას.
ესპანეთში სტუმრობისას რომის პაპი შეხვდა კათოლიკურ ეკლესიაში სექსუალური ძალადობის ექვს მსხვერპლს.
მოგვიანებით დაგეგმილი იყო პაპის შეხვედრა კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის ლიდერსა და ახალგაზრდებთან და ერთობლივი ლოცვა ლუის კომპანისის ოლიმპიურ სტადიონზე.
ლეონ XIV-ს ბარსელონაში ვიზიტის მთავარი მოვლენა იქნება „საგრადა-ფამილიას“, თანამედროვე ბაზილიკის, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ეკლესიის ახალი კოშკის გახსნა-კურთხევა 10 ივნისს.
ლეონ XIV-ს ესპანეთში ვიზიტი დასრულდება პარასკევს კანარის კუნძულებზე, ესპანეთის დასავლეთ აფრიკასთან მდებარე არქიპელაგზე, სადაც პაპი შეხვდება დაახლოებით 1000 მიგრანტს, რომლებმაც ევროპაში ჩასასვლელად ატლანტის ოკეანის სახიფათო წყლები პატარა ნავებით გადაცურეს. ამ არეალში ყოველწლიურად ოკეანეში იღუპება დიდი რაოდენობით მიგრანტი, რომლებსაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ჩაღწევა სურთ.
ფორუმი