„მიმაჩნია, რომ ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, გარდა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობისა, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს დემოკრატიულ პროცესებში. გამოხატვის თავისუფლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იგი უნდა ახდენდეს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას და რეაგირებდეს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, თავისუფლად გამოთქვამდეს ხელისუფლების კრიტიკას, მომხმარებლის წინაშე ანგარიშვალდებულების ფარგლებში მოქმედებდეს და განკარგავდეს თავის ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსებს საკუთარი შეხედულებებისა და ღირებულებების შესაბამისად“, - აცხადებს გიორგი ფუტკარაძე.
მას მიაჩნია, რომ ეს გამოხატვის შემზღუდველი კანონი „გააუარესებს საერთო ბიზნესგარემოს და ავნებს სახელმწიფოს“:
„ცხადია, რა დროც არ უნდა დასჭირდეს სარჩელის განხილვას ან როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული სასამართლოს მიერ, მე არ ვაპირებ მივმართო თვითცენზურას. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ეს პროცესი ისტორიას შემოვუნახოთ“.
2026 წლის მარტში ძალაში შესული "გრანტების შესახებ კანონის" გამკაცრებული ცვლილებებით, ბიზნესმენებს, ფაქტობრივად, აეკრძალათ ნებისმიერი „საჯარო პოლიტიკური აქტივობა“, რომელიც მათ „ძირითად საქმიანობას არ უკავშირდება“ - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კანონი დასჯის.
ამ კანონით, თუკი ბიზნესმენი პოლიტიკურად აქტიური ადამიანია, თუმცა მისი ეს ორი საქმიანობა ურთიერთკავშირში არ არის, მას აუდიტის სამსახური პირველ ჯერზე 20 000 ლარით დააჯარიმებს, მეორე შემთხვევაში კი გაორმაგებული თანხით, 40 000 ლარით.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ასე „ქვეყნის „რევოლუციისგან დასაცავად“ აქამდე მიღებული კანონების „გვერდის ავლის გზების” ამოქოლვას ცდილობენ.
ფორუმი