გერმანია კიდევ 300 მილიონ ევროს გამოყოფს ჩეხეთის ინიციატივისთვის, რომელიც ითვალისწინებს უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდებას. ამას აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან, იარომირ ზუნასთან შეხვედრის შემდეგ. მის სიტყვებს ავრცელებენ DW და Novinky.
პისტორიუსის თქმით, ეს თანხა შესაძლებელს გახდის უკრაინის არმიისთვის შეისყიდონ 50 ათასამდე საარტილერიო საბრძოლო მასალა. პისტორიუსმა ჩეხეთის ინიციატივას უწოდა მნიშვნელოვანი ინტრუმენტი იმ სახელმწიფოს დასახმარებლად, რომელიც მეხუთე წელიწადია რუსეთს ებრძვის.
ზუნამ, თავის მხრივ, თქვა, რომ გერმანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც საბრძოლო ტექნიკის და მასალების მიმწოდებელი - და რომ ჩეხეთის თავდაცვის მრეწველობასთან ერთად, მას საგრძნობი წვლილი შეაქვს ევროპის უსაფრთხოებაში.
უკრაინისთვის საბრძოლო მასალების მიწოდების ინიციატივა ჩეხეთმა 2024 წელს წამოიწყო, ინიციატივის არსი მდგომარეობს მასალების მესამე ქვეყნებში შესყიდვაში, პროექტის მონაწილეთა სახსრებით. 2026 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ პროექტის მონაწილეთა რიცხვი ცხრამდე შემცირდა, უწინდელ 18-თან შედარებით. პაველმა გააკრიტიკა ჩეხეთის ახალი ხელისუფლება, ანდრეი ბაბიშის ხელმძღვანელობით - პრეზიდენტის თქმით, ისინი პროექტს სათანადოდ არ უჭერდნენ მხარს. ბაბიშმა - რომელიც შარშან მოვიდა ხელისუფლებაში - განცხადა, რომ ჩეხეთი ინიციატივას არ გააუქმებს, თუმცა მასში თავად ფინანსურად არ მიიღებს მონაწილეობას. ბაბიშის თქმით, მას არ სურს ჩეხეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში.
გერმანია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა პროექტის მონაწილეებად რჩებიან. 2025 წელს გერმანიამ - რომელიც ინიციატივის უმსხვილესი დონორია - საერთო ჯამში ერთი მილიარდი ევრო გამოყო.
ჩეხეთის თავდაცვის სამინსიტროს მონაცემებით, წლის ბოლომდე უკრაინას მიაწოდებენ მილიონამდე ჭურვს - წლის დასაწყისში უკრაინის არმიამ უკვე მიიღო 500 ათასამდე საბრძოლო მასალა.
ფორუმი