მისი მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 10 ივნისს გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
„პოლიციის პოლკოვნიკი“
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა“, - წერდა შსს-ს პრესცენტრი.
შსს-ს თანახმადვე, ბახუაშვილს „შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს“;
ხოლო ამ დრომდე იგი ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა.
მეექვსე მოადგილე
მინისტრის პოსტზე სულხან თამაზაშვილი 2026 წლის 21 მაისს წარადგინეს, - ერთ თვეზე ნაკლები ხნის წინ.
ბახუაშვილის მოადგილედ დანიშვილის შემდეგ, თამაზაშვილს უკვე ექვსი მოადიგლე ჰყავს.
ესენი არიან: რონი მესხი, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი სახოკია, შალვა თადუმაძე, გაგა კირკიტაძე და გიორგი ბახუაშვილი.
მათგან ორს, შალვა თადუმაძეს და ალექსანდრე დარახველიძეს აქვთ სხვადასხვა ქვეყნის სანქციები დაწესებული.
შალვა თადუმაძე, - რომელიც წარსულში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო, - 2024 წლის დეკემბრის ბოლოს დაინიშნა მინისტრის მოადგილედ. სამართალდამცავ სისტემაში ის სასამართლოდან გადმოვიდა - უზენაეს სასამართლოში უვადოდ იყო დანიშნული.
ივანიშვილის პირადი მცველი
ბახუაშვილის შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის 30 აპრილს გავრცელდა.
23 მაისს მასზე ვრცელი სიუჟეტი მოამზადა „ტვ პირველის“ გადაცემამ, „ნოდარ მელაძის შაბათმა“.
ტელეკომპანიის ცნობით, - რასაც სიუჟეტში არაერთი ადამიანი ადასტურებს, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, - გიორგი ბახუაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში.
„რახან გენ.ინსპექციის უფროსი არის, ესე იგი, მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. ბახუაშვილი არ არის პატარა ბიჭი. მას აქვს დიდი გამოცდილება. მან დიდხანს იმსახურა ჯერ სამთავრობო დაცვაში“, - თქვა ჩუბინიძემ.
„სპეცრაზმში“ - უთხრა ჩუბინიძეს ჟურნალისტმა, რაზეც მან უპასუხა: „დიახ. შემდეგ იმუშავა დაცვის სამსახურშიც“.
თავის მხრივ, ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო თავად ანზორ ჩუბინიძეც; ასევე, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.
ფორუმი